logo
ENG



კელი დეგნანი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხზე ოხანაშვილს და სარჯველაძეს ხვდება

28 დეკ 202110:25
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს ხვდება. 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების საკითხი იქნება. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარები არ გაკეთებულა. 

გუშინ, 27 დეკემბერს აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ლონდა თოლორაიას შეხვდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დეგნანმა თქვა, რომ ხელისუფლების მიერ ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება შემაშფოთებელია, ამასთან, არის უცნაური, ნაჩქარევი და რთულად ასახსნელი.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიის ინიციატივით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება

შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. 

მას ორი უწყება ჩაანაცვლებს - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამოხელეო დანაშაულებს გამოიძიებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ასევე, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ექნება. 

ახალი უწყების შექმნის შემდეგ ინსპექტორის სამსახურის მოქმედი თანამშრომლები გათავისუფლდებიან და ახალ უწყებებში არ დასაქმდებიან. 

ლონდა თოლორაიამ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხელმძღვანელობს, ამის შესახებ მედიიდან გაიგო. 

მისი შეფასებით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არის "მისი დასჯა დამოუკიდებლობის გამო". 

არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული ოცნების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიმართ დაგეგმილი "თავდასხმის, ინსტიტუტის დამოუკიდებლობისა და ნდობის რღვევის გამო" უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ.


close დახურვა