სპეცრეისების ჩანიშვნისა და გადადებული ფრენების აღდგენის მიუხედავად, ემიგრანტების დიდი ნაწილი სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მათ სპეცრეისით საქართველოში ჩამოსვლაში ხელს უშლის ევროპის ბევრ ქალაქსა თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვები, რის გამოც გადაადგილებას და აეროპორტამდე მისვლას ვერ ახერხებენ. ამ დრომდე არ დანიშნულა რეისი პანდემიის ეპიცენტრად მიჩნეული იტალიიდან, საიდანაც ევაკუაციას საქართველოს ათობით მოქალაქე ითხოვს.
საფრანგეთსა და ესპანეთში, უსახლკაროდ დარჩენილ ქართველებს ადგილობრივი საკონსულოები პროდუქტებითა და თავშესაფრით უზრუნველყოფს. თუმცა სამსახურისა და სახლის გარეშე დარჩენის შიშით არის ასობით ემიგრანტი ევროპის სხვა ქალაქებში. დიპლომატიური წარმომადგენლობის პასუხის ლოდინი მათ დიდხანს უწევთ.
ემიგრანტებზე საუბარი დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა არ ისურვეს. რაც შეეხება ოპოზიციას, პოლიტიკურმა პარტიებმა ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართეს და კრიზისის საკუთარი გეგმა წარუდგინეს. ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობამ ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან თანხა უნდა გამოყოს და ემიგრანტები უსასყიდლოდ დააბრუნოს.