ცენტრ ემპათიას განცხადებით, იუსტიციის მინისტრი, რომელმაც ბრიფინგზე თქვა, რომ "საქართველოს კანონმდებლობით ექსპერტს არ აქვს უფლება ილაპარაკოს წამებაზე, გულისხმობს: სსრკ ბრძანება N1208, ქ. მოსკოვი 1978, რითაც ამჟამადაც ხელმძღვანელობს სამხარაულის ბიურო."
" საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ბრიფინგს, რომელიც მან ჩაატარა 26/01/2023 - ში.
აღნიშნულ ბრიფინგზე, მან განაცხადა, რომ
1. „ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიმართა სამხარაულის ეროვნულ ბიუროს მიხეილ სააკაშვილის შესახებ ცენტრი „ემპათია“ -ს დასკვნის ექსპერტიზისათვის.
2. მან განაცხადა, რომ გასტროენტეროლოგიური, ნევროლოგიური და ფსიქიატრიული თვალსაზრისით ცენტრი „ემპათია“ -ს მიერ დადგენილი დიაგნოზები არ არის „სარწმუნო და უტყური“
3. საქართველოს კანონმდებლობით ექსპერტს არ აქვს უფლება ილაპარაკოს წამებაზე და ა.შ.
ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ შემდეგს:
1. დასკვნაზე დასკვნის მომზადების იურიდიული საფუძველი საეჭვოა და მიუთითებს იუსტიციის სამინისტროს მიკერძოებულ სტატუსზე. ამგვარი მოქმედება სხვა პატიმრის შემთხვევაში ჩვენთვის უცნობია.
2. გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური თვალსაზრისით დადგენილი დიაგნოზები 08/12/2022 - ის მდგომარეობით შეესაბამება კლინიკა „ვივამედ“ - ში თუ გორის ჰოსპიტალში დასმულ დიაგნოზებს, მაშასადამე, მინისტრის განცხადება, როგორც მინიმუმ, არ შეესაბამება სიმართლეს.
3. რაც შეეხება ფსიქიატრიულ დიაგნოზებს: იგი დადასტურებულია 4 ფსიქიატრის (2 ქართველი ფსიქიატრი, 1 ამერიკელი და 1 ინგლისელი ფსიქიატრის მიერ), ასევე 1 ქართველი და 1 ამერიკელი ნევროლოგის მიერ: კლინიკურ, ანამნეზურ/კატამნეზურ, ფსიქომეტრულ, კლინიკურ - ფსიქოლოგიურ და ინსტრუმენტულ კვლევებზე დაყრდნობით. ასევე დადასტურებულია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა N7 (06/12/2022) - ის მიერ, რაც ასევე სასამართლოში არის წარდგენილი. ასევე გაუგებარია, ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ ცოცხალი პირის ფსიქიკურ მდგომარეობაზე როგორ იმსჯელა პირადი შემოწმების გარეშე.
4. რაც შეეხება „წამება“ - ზე ექსპერტთა განცხადებებს, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, იგი „არ შეესაბამება ქართულ კანონმდებლობას“ - იუსტიციის მინისტრი გულისხმობს: სსრკ ბრაძანება N1208, ქ. მოსკოვი 1978, რითიც ამჟამადაც ხელმძღვანელობს სამხარაულის ბიურო.
5. აქვე კიდევ ერთხელ ვაცნობებთ საზოგადოებას, რომ სახელმწიფო საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სადაც იუსტიციის მინისტრი და პანიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, სამედიცინო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ურთქმელიძე, რომელიც მაშინ გორის ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა, შესაძლო ფიგურანტები არიან, შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ მხარეს.
6. და ბოლოს, ცენტრი „ემპათია“ კვლავ ელოდება სამხარაულის ბიუროს დასკვნის დასკვნას, აღნიშნულის გაცნობის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი ჩაატარებს პრესს - კონფერენციას, ასევე ჩატარდება დასკვნის დასკვნაზე ექსპერტიზა საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
7. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ქმედებებს განვიხილავთ, არასამთავრობო ორგანიზაცია ცენტრი „ემპათია“ - ზე და ექსპერტთა ჯგუფზე ზეწოლის მცდელობად, ასევე სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობად, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობად."- წერია განცხადებაში.
* * *
26 იანვარს ჩატარებულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განაცხადებით, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილზე ცენტრ ემპათიას დასკვნა სარწმუნო და უტყუარი არ არის.
ბრეგაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ დასკვნას სასამართლოს გადაუგზავნიან და სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლებაზე მსჯელობა იქ გაგრძელდება.
პირველ დეკემბერს ცენტრმა ემპათიამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა.
ცენტრ ემპათიის განმარტებით, მათ მიერ სააკაშვილის შესახებ მომზადებული სამედიცინო დასკვნა 194-გვერდიანია და თან ახლავს 22 დანართი, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი - აქედან კი წამყვანია დაახლოებით 10 დიაგნოზი.
როგორც დასკვნაშია აღნიშნული, სააკაშვილს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები (ნეირო - ფსიქიკური, გასტრო - ენტეროლოგიური, ასევე საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის, მხედველობის მხრივ), აღენიშნება დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების ძვლების ტკივილი, სხეულზე ესკორიაციები - ნაკაწრები - ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შესაძლოა წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან/და შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგებსაც, ვინაიდან თმის ნიმუშის ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში გამოვლენილი იქნა დოკუმენტირების ლიმიტზე მეტი Ba, Bi, Mercury (Hg). როგორც ცენტრში აცხადებენ, ეს ტოქსიკური ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ზოგჯერ ფსიქიკური დარღვევები.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად არსებულ დაწესებულებაში, ასევე პატიმრობის პირობებში, ვინაიდან შეუძლებლად მიაჩნიათ ამ დაწესებულებებში სრული ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება.
ექსპერტთა დასკვნებში მოყვანილია ფიზიკური და ფსიქოლოგიური არაადამიანური მოპყრობის ფაქტები და გამოსაკვლევი პირის მონათხრობები; მათ შორის, მოტყუება, იძულებით ჰოსპიტალიზაცია, კრიმინალური სუბკულტურის პატიმრების მხრიდან გამოსაკვლევი პირის დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.