logo
ENG



ენგურის ხიდთან საველე კარვები მოეწყო და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს ამოწმებენ

31 მარ 202012:09
3 წუთის საკითხავი
 

სენაკის სამხედრო ბაზიდან თავდაცვის სამინისტროს ძალები სამეგრელოში არსებულ საგუშაგოებზე გუშინ გვიან ღამით განლაგდნენ. ყველას ვისაც სპეციალური გამშვები პუნქტის გავლა უწევს, ტემპერატურას უმოწმებენ.

დამატებით კიდევ 6 საგუშაგო მოეწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან. საველე კარვებია მოწყობილი ენგურის ხიდთანაც და გამკაცრებული კონტროლია ეგრეთწოდებულ საზღვართან, აფხაზეთიდან გადმოსულ ყველა მოქალაქეს შესაბამისი კვლევა უტარდება. მკაცრად კონტროლდებიან მსუბუქი ავტომობილებისა და ტრაილერის მძღოლები. 

მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ემორჩილებიან არსებულ შეზღუდვებს.

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით, ქალაქში შემსვლელ და გამომსვლელ მგზავრებს მკაცრად ამოწმებენ.

„მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ფოთის ორივე შესასვლელ და გამოსასვლელთან გაიხსნა ბლოკ-პოსტები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან განთავსებულები და ქალაქში შემოსულ და გასულ მანქანებსა და მგზავრებს უკეთებენ თერმოსკრინინგს. სატვირთო ტვირთების შემოტანა და გადაზიდვა ხორციელდება შეუფერხელბლად“, - განაცხადა კურდღელიამ.


close დახურვა