ენერგო პრო ჯორჯია აცხადებს, ამ დროისთვის მესტიისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია და მაღალი ძაბვის ორივე ხაზი ჩართულია.
კომპანიის განცხადებით, ავარიის გამოსწორება მეტად სარისკო იყო - ტექნიკურ ჯგუფებს ამ პრობლემის მოგვარება ვერტმფრენის და სხვა სპეცტექნიკის საშუალებით მოხდა.
"თუმცა, ყველა ასეთი ღონისძიება გადის ჩვენი თანამშრომლების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ზღვარზე, რისთვისაც მადლობა ყველა ამ თავგანწირულ პროფესიონალს. თუმცა, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება". - აცხადებს ენერგო პრო ჯორჯიას ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხეილ ბოცვაძე.
რამდენიმე დღეა, მესტიაში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება.
მიზეზი მაინერების მუშაობაა.
ავარიის მიზეზიც მაინერების მიერ ქსელის გადატვირთვა და ინფრასტრუქტურის დაზიანება გახდა.
მესტიაში მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდის, კრიპტოვალუტის მაინინგს კი დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება, ამიტომ, მაინინგ ფერმები აქ განათავსეს, თანაც უკანონოდ.
"მესტიაში არსებული უკანონო მაინინგი არის მავნებლობა მთელი ზემო სვანეთის წინააღმდეგ, ამის ორგანიზატორი მავნებლები აზარალებენ ადგილობრივ პატიოსან მომხმარებლებს და მთელს რეგიონს 2 მთავარი მიზეზის გამო:
1.. მნიშვნელოვნად აზიანებენ ინფრასტრუქტურას. შეიძლება ითქვას, რომ მის აღდგენას 4-5 წელი დასჭირდება;
2. აახლებენ გადაწყვეტილებას, რომ მესტიის ყველა მომხმარებელმა დაიწყოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა.
არასდროს გვისაუბრია, თუმცა ახლა ვაცხადებთ, რომ მესტიის მოსახლეობის უფასო მომარაგებას მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ენერგო პრო, 45 მილიონი ლარია დალექილი ამ რეგიონში და აბსურდულია მოსაზრება, თითქოს მოსახლეობას ეკუთვნოდა ან ეკუთვნის უფასო ელექტროენერგია". - აცხადებს მიხეილ ბოცვაძე.
შესაბამისად, მისი განცხადებით, "ვერანაირი ქსელი ვერ გაუძლებს ელექტროენერგიის არსებულ მოხმარებას, ავარიების განმეორება კი გარდაუვალია".
ასეთ ვითარებაში, ბოცვაძის განცხადებით, ენერგო-პრო ჯორჯია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესტიაში არსებულ მდგომარეობაზე,
"უხერხულია პერიოდული ადგილობრივი დამტაცებლების თუ მოსახლეობის მხრიდან ზეწოლა თუ მუქარა ჩვენს თანამშრომლებზე ავარიული თუ გეგმიური გათიშვების არსებობის შესახებ, აგრეთვე შემაშფოთებელია კატეგორიული მოთხოვნა, რომ კომპანიამ შეუფერხებლად მოახდინოს ერთდროულად 10-15 რაონისთვის საჭირო ელექტროენერგიის მიწოდება და თან ყოველგვარი შეფერხების გარეშე". - ამბობს მიხეილ ბოცვაძე.
მისი განცხადებით, არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსავალი არსებობს და მათ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომ მომდევნო ზამთარს მესტია უკანონო მაინინგის გარეშე შეხვდეს.