ენერგო პრო ჯორჯიას განცხადებით, 6 იანვრის ღამეს მესტიის ცენტრი და რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, რაც არ ყოფილა გამოწვეული ქსელში ავარიით.
კომპანიის განცხადებით, მესტიის რაიონის მაღალი ძაბვის ცენტრალურ ქვესადგურში, უსაფრთხოების ნორმების სრული იგნორირებით, შევიდა ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, მათი მოთხოვნის შესაბამისად, მორიგე იძულებული გახდა, ქვესადგურის სრულად გაეთიშა.
ენერგო პრო ჯორჯია აცხადებს, რომ "ნებისმიერი ასეთი ინციდენტი, პირველ რიგში, საფრთხეს უქმნის მაღალი ძაბვის ქვესადგურში თვითნებურად შესული მოქალაქეების სიცოცხლეს. ამასთან, მსგავს პირობებში მანიპულირებამ მაღალი ძაბვის ქსელში, შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი დაზიანება, რომლის აღდგენასაც რამოდენიმე კვირა დასჭირდება".
ენერგო პრო მიუთითებს, რომ მესტიაში ენერგეტიკული კუთხით შექმნილი ვითარება არის ძალიან მძიმე და ამ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს კრიპტოვალუტის ღირებულების ზრდა.
კომპანიამ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მესტიის ცენტრში არსებული სასტუმრო "ბანგურიანის“ დამხმარე ფართში, პოლიციამ გამოავლინა კრიპტოვალუტების მწარმოებელი აპარატების დიდი რაოდენობა, რომლებიც უკანონოდ მოიხმარდნენ 4-5 საშუალო სოფლის მოხმარების თანაბარ ელექტროენერგიას.
ენერგო-პრო ჯორჯია სთხოვს მესტიის რაიონის ყველა მოსახლეს, გამოიჩინოს თავშეკავება მსგავსი არამართლზომიერი და მათსავე სიცოცხლისთვის სარისკო ქმედებებისგან, რათა გამოირიცხოს ტრაგიკული შემთხვევები.
"არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის დასტაბილურება და მნიშვნელოვნად გამოსწორება მთელი რაიონის მასშტაბით, ასევე როგორ უნდა მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც სხვა ყველა მომსახურების ცენტრში, უკვე მრავალი წელია მიღწეულია. კომპლექსური ქმედებების კვლავ გადავადება გარანტირებულად გამოიწვევს მძიმე შედეგებს, რაზედაც ენერგო-პრო ჯორჯია იხსნის პასუხისმგებლობას".- აცხადებს ენერგო პრო ჯორჯია.