კომპანია ენკა გუმათში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიისათვის მოსამაზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას.
მათი თქმით, კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ.
"კომპანია ენკა რინიუებლზ კიდევ ერთხელ ეხმიანება გუმათში მიმდინარე პროცესებს და აცხადებს, რომ პროექტის დაწყების დღიდან ყველა თავის მოქმედებას ახორციელებს კანონისა და არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც დასტურდება შესაბამის უწყებებთან წარდგენილი საჭირო დოკუმენტაციით. კომპანიის ნებისმიერი აქტივობა მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ხორციელდება, როგორც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე შიდა მონიტორინგის სამსახურების მიერ, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით.
ჩვენ შეშფოთებას იწვევს, რომ ნამახვანჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. იყო მათი სიტყვიერი თუ ფიზიკურ შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. ნამახვანჰესის წინააღმდეგ ე.წ. მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს. კომპანია ენკას აღებული აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას თითოეული თანამშრომელი ნებისმიერი სახის საფრთხისა და პროვოკაციისგან. პროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიისათვის მოსამაზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას. კომპანიის კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რის შესახებაც სრული ინფორმაცია მივაწვდით ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ სათანადო რეაგირებას. ჩვენი შეფასებით, აქტივისტების მიზანია ხალხი დააპირისპირონ ერთმანეთს და პოლიციას და ამით შექმნან დაძაბულობის მუდმივი კერა", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, გავრცელა ინფორმაცია, თითქოს დაწყებულია კაშხლის მშენებლობა, რაც არასწორია.
"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, კაშხლის მშენებლობა შეჩერებულია მთავრობის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში. ადგილზე მიმდინარეობს მხოლოდ მოსამზადებელი სამუშაოები არსებული ნებართვების ფარგლებში, რაც გულისხმობს მხოლოდ სადერევაციო გვირაბის მშენებლობას.
კომპანია ენკა მოუწოდებს აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება", - აღნიშავენ კომპანიაში.
მათივე განცხადებით, მზად არიან საქმიანი დიალოგისთვის "ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში, რათა კომუნიკაცია შედეგზე ორიენტირებული გახდეს".
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში მოხვედრა ტყის ბილიკის გამოყენებით სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ადგილზე მცირე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ ისინი ტერიტორიიდან გაიყვანა. ამ დროისთვის აქციის მონაწილეები კვლავ გუმათში იმყოფებიან და ლითონის კედელზე აბრახუნებენ. პროტესტის ამ ფორმას მიმართავენ ისინი უკვე მე-5 დღეა.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია:
- შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ენკამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
- დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.