logo
ENG



ენმ-ის აჭარის ორგანიზაცია ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის გამოძიებას ითხოვს

17 ნოე 202312:16
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. ისინი ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის სათანადო გამოძიებას ითხოვენ. 

როგორც ენმ-ის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, ნუგზარ ფუტკარაძე იყო ერთ-ერთი, რომლის მოსყიდვასაც ქართული ოცნება 2021 წლის არჩევნებში, ბათუმის საკრებულოში უმრავლესობის დაკარგვის შემდეგ ცდილობდა. 

"მას შემდეგ, რაც 2021 წლის არჩევნებზე ქართულმა ოცნებამ, რუსულმა ოცნებამ დაკარგა უმრავლესობა და უმრავლესობით მოვიდა ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძემ გასცა დავალება, რომ ეს ბალანსი როგორმე აღედგინა თორნიკე რიჟვაძეს. მას შემდეგ თორნიკე რიჟვაძე გადავიდა ქმედებაზე და დაიწყო საკრებულოს წევრები მოსყიდვა, შანტაჟი, მუქარა და სამწუხაროდ, მათ შორის, იყო ნუგზარ ფუტკარაძე, რომელიც არ გაიყიდა", - აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი. 

მისი თქმით, მიუხედავად, არაერთი მტკიცებულებისა და ჩანაწერის საჯაროდ გამოქვეყნებისა, დღემდე ამ საქმის გამოძიება დღემდე არ დაწყებულა. 

"რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არ იქნება გამოძიებული, სანამ თორნიკე რიჟვაძე ინარჩუნებს მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას და მისი მამა პოლიციის მაღალჩინოსნის თანამდებობას. ამიტომ, მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული ეს დანაშაული. ოჯახი იქნეს დაზარალებულად ცნობილი, რათა ჰქონდეს წვდომა გამოძიების მასალებთან", - აღნიშნა მან. 

ასევე, მოუწოდებენ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საელჩოებს, ყურადღებით დააკვირდნენ გამოძიების პროცესს. 

"ჩვენ არ შევეგუებით და არ შევარჩენთ ნუგზარ ფუტკარაძის მკვლელობას და აუცილებლად დაისჯება ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობას ღებულობდა მის გარდაცვალებაში", - აცხადებს ენმ-ის აჭარის ორგანიზაცია.  

ნუგზარ ფუტკარაძე 2 წლის წინ, 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა.  

 

 

close დახურვა