ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ისანში გიორგი ვაშაძის მხარდაჭერის ნაცვლად, მაჟორიტარ კანდიდატად ხატია დეკანოიძე წარადგინა. ინფორმაცია "ფორმულას" პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.
ისანში აქამდე ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატი, "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე იყრიდა კენჭს. თავდაპირველად თავად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც უჭერდნენ ვაშაძის კანდიდატურას მხარს.
პირველად, 19 აგვისტოს ტელეკომპანია "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა ისანში საკუთარი კანდიდატის დაყენებას განიხილავდა.
ინფორმაციის გასაჯარაოებისთანავე, ოპოზიციის ნაწილი ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან ისანში კანდიდატის დაყენებას მძიმე შეცდომად აფასებდა. ევროპული საქართველოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ 24 აგვისტოს იმედი გამოთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები პარტიულ ინტერესებზე წინ არჩევნებში საერთო ოპოზიციის გამარჯვებას დააყენებდნენ.
"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის ერთობას და არჩევნებში ოპოზიციის საერთო გამარჯვებას დააყენებს უფრო წინ, ვიდრე თავის ვიწროპარტიულ ინტერესს", - განაცხადა ბაქრაძემ.
გიორგი ვაშაძემ კი, 20 აგვისტოს "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ისანში საკუთარი კანდიდატის დაყენება სიტყვის გატეხა და ფატალური შეცდომა იქნებოდა.
ვაშაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაშიც აუცილებლად გაიმარჯვებდა, თუ ნაციონალური მოძრაობა ისნის ოლქში კონკურენტ კანდიდატს დაუყენებდა.
"მე მაინც გავიმარჯვებ ისნის რაიონში. მხარდაჭერას ხომ არაფერი შეცვლის. ხალხთან დამოკიდებულებას ხომ არაფერი შეცვლის. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ", - ამბობდა ვაშაძე.
ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილს თბილისის 8 ოლქიდან, მხოლოდ 7-ში ჰყავთ ერთიანი, შეთანხმებული კანდიდატი წარდგენილი.