logo
ENG



ენმ: ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა

22 სექ 202321:24
3 წუთის საკითხავი
 
ენმ: ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის წევრს ქართული ოცნების ორგანიზებით დაესხნენ თავს. როგორც პარტიაში აფასებენ, ეს ხელისუფლების მხრიდან დაუფარავი ძალადობაა.

გარდა ამისა, გლდანში პოლიციამ მათი პარტიის სამი წევრი - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპარავა დააკავა.

"პოლიტიკური საქმიანობის, პოლიტიკური განცხადებებისა და კრიტიკული აზრის მიუღებლობის გამო, “რუსული ოცნების” ორგანიზებით, თავს დაესხნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საკრებულოს ფრაქციის წევრ - ირაკლი ეძგვერაძეს. ეს არის ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული, ღია და დაუფარავი ძალადობა, ამ აგრესიას მათში სიმართლის მოსმენის შიში იწვევს.

მოძალადეების ნაცვლად, ე.წ. სამართალდამცავებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს. მოვითხოვთ, მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოსთვის!", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად 20-მდე ადამიანი დაესხა თავს.

ზარნაძე ფორმულასთან უარყოფს, რომ თავდასხმა მასსა და ეძგვერაძეს შორის დაპირისპირებას უკავშირდება და ამბობს, რომ მომხდარი ძალადობის შესახებ პირველად ესმის.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ეძგვერაძის სახლთან დააკავეს, სადაც ისინი პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებდნენ. 


close დახურვა