ყვარელში, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, რომელიც 2019 წლამდე სახელმწიფო საკუთრებაში იყო, ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ ვანო ლომიძის სარესტორნო ბიზნესისთვის გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.
პარტიის წევრი გიორგი ბოტკოველი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ტერიტორია წინასაარჩევნოდ გაწეული დახმარების სანაცვლოდ გასცა.
"ამით დასტურდება თუ რატომ სჭირდებათ ამ მავნებლებს არჩევნების მოპარვა, ის სიბინძურე, რასაც საარჩევნო კამპანიის დროს და არჩევნების დღეს აკეთებენ ხოლმე. იმის გამო, რომ მათ განაგრძონ მილიონების კეთება ხალხის ხარჯზე და ამ ბუნების ხარჯზე. აქ არის ისტორიული ძეგლები, რომლებსაც გარშემო შემოუთხარეს, გაანადგურეს ბუნება, ტყის მასივი გაანადგურეს.
ეს კეთდება ერთადერთი ადამიანისთვის, ეს არის ვანო ლომიძე, სოფელი ახალსოფლის მკვიდრი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართულმა ოცნებამ რამენაირად შეინარჩუნოს ხელისუფლება", - განაცხადა ბოტკოველმა.
რაც შეეხება თავად ბიზნესმენს, მიწის მფლობელი ირწმუნება, რომ ფართი აუქციონზე შეიძინა.