logo
ENG



ენმ ბოკუჩავაზე ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს

18 ივლ 202116:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/18/xh9yb5ecc2sa5jn.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტის ეთიკის საბჭოს მიმართავს. ოპოზიციური პარტია ითხოვს, თინა ბოკუჩავაზე სხდომათა დარბაზში ძალადობის გამო სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდეთ შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს.

ენმ-ის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტია საბჭოს უახლოეს მომავალში მიმართავს.

„კარგად დავინახეთ ქართული ოცნების წარმომადგენლები როგორ მიათრევდნენ თიკას, იმისთვის, რომ ის არ მიახლოებოდა პარლამენტის თავმჯდომარეს. ჩვენ მივმართავთ ეთიკის საბჭოს, რომ დაიწყოს მოკვლევა შალვა პაპუაშვილისა და ლევან მგალობლიშვილის მხრიდან ძალადობის ფაქტზე და მათ შეუჩერდეთ სადეპუტატო უფლებამოსილება", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული. 

წარწერით - "დაისაჯონ მოძალადეები!", "აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა" პლენარულ სხდომათა დარბაზში ბანერები გადმოფინეს მედიის წარმომადგენლებმაც.

ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

ამის შემდეგ ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარესთან მისვლას ცდილობდა, თუმცა უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

საბოლოოდ, ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, შს მინისტრის მოსმენა პარლამენტში აღარ გაგრძელდა.


close დახურვა