logo
ENG



ენმ ითხოვს, დევნილი კაცის თვითმკვლელობაზე გამოძიება მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაიწყოს

17 იან 202215:27
3 წუთის საკითხავი
 
ენმ ითხოვს, დევნილი კაცის თვითმკვლელობაზე გამოძიება მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაიწყოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს, დევნილი კაცის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება მაღალჩინოსნების წინააღმდეგ დაიწყოს. 

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ უნდა გამოიკვეთოს კონკრეტული პირები, რომლებიც მოსახლეობას ბინებით უზრუნველყოფას ჰპირდებოდნენ, შემდეგ კი ეს დაპირება არ შეასრულეს.

"ვითხოვთ პროკურატურისგან, ღარიბაშვილის და მისი თანამდებობის პირებზე დაიწყოს კონკრეტული გამოძიება. რომელი მაღალი თანამდებობის პირები ჰპირდებოდნენ ამ ადამიანებს უზრუნველყოფას და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ვგულისხმობ დევნილებს, 120 ოჯახს, რომლიდანაც ერთი, ფაქტობრივად, გაუბედურდა და ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დაწყებული ღარიბაშვილის ნათესავი ფაცაციათი, გაგრძელებული მინისტრით და დამთავრებული მატყუარა გადამგდები პრემიერმინისტრით, რომელსაც მაჯაზე უკეთია 300 000-ლარიანი საათი, რომლითაც მინიმუმ ათი დევნილი ოჯახის უზრუნველყოფა შეიძლება. ათეულობით ოჯახი რომ ამ მდგომარეობაში არ იყოს, ამისთვის მისი მაჯის საათია საკმარისი", - თქვა ხაბეიშვილმა.

16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 


close დახურვა