logo
ENG



ენმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ძალადობას აპროტესტებს და საქმეების გამოძიებას ითხოვს

19 სექ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ნაციონალური მოძრაობის და "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" საპროტესტო აქცია იმართება.

ისინი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ძალადობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, ხშირ შემთხვევაში მსგავსი ფაქტების სათანადოდ გამოძიება არ ხდება.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქართული ოცნება ძალადობრივი  ქმედებებით ხალხის დაშინებას ცდილობს, თუმცა საზოგადოება მათ ქმედებებზე უფრო მეტად ბრაზდება. 

მისივე თქმით, ნიღბიანი ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დევნიან ადამიანებს.

"გუშინ ჩვენი შტაბის წევრებს ძალადობრად თავს დაესხნენ. ივანიშვილის მმართველობის 8 წლიანი რეჟიმი გვირგვინდება იმით, რომ ნიღბიანი ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დევნიან ადამიანებს, სცემენ და აყენებენ სხეულის მძიმე დაზიანებას.

ეს არის ის აგონია, რომელიც დღეს ხელისუფლებას აქვს, ჰგონიათ, რომ ადამიანები დაშინდებიან და ა.შ. მათ ქმედებებზე უფრო მეტად ბრაზდება ხალხი. 

დღევანდელი მოთხოვნაა, რომ ლაშა ცუცქირიძეზე მომხდარი თავდასხმა დაუყონებლივ იქნას გამოძიებული, დააკავონ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი შტაბის წევრს დაესხნენ თავს. ივანიშვილს და მის რეჟიმს უნდა ესმოდეს, რომ მათ წინააღმდეგ მობრუნდება ეს ყველაფერი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

გუშინ ღამით თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს, ლაშა ცუცქირიძეს ნიღბიანი პირები დაესხნენ თავს. ცუცქირიძეს თავი აქვს გატეხილი, ტუჩი კი გახეთქილი.


close დახურვა