logo
ENG



ენმ ოცნებას: მზად ვართ, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები

19 თებ 202113:16
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, რომ ენმ-ის ოფისის შტურმზე არ იფიქროს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ენმ-ის ოფისში მყოფი ოპოზიცია მზად არის კრიზისის განმუხტვის ერთადერთ გზაზე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გამართოს მოლაპარაკებები. 

როგორც განცხადებაში ნათქვამი, ენმ ყოველთვის მოქმედებდა, მოქმედებს და იმოქმედებს სამოქალაქო მშვიდობისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.

"ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებენ, მშვიდობის ფარგლებში დარჩნენ, რიტორიკა შეცვალონ და კრიზისის განმუხტვის გზა მოძებნონ. მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას არ იფიქროს იმ შენობის შტურმზე, სადაც ადამიანები, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ფიზიკურად იცავენ. ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ კრიზისი განიმუხტოს, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ჩვენ მზად ვართ კრიზისის განმუხტვის ერთადერთი სწორი გზის, ვადამდელი არჩევნების შესახებ გავმართოთ მოლაპარაკებები, ფასილიტატორების ჩართულობით", - ნათქვამია განცხადებაში.

18 თებერვალს გიორგი გახარია პრემიერმინისტრის პოსტიდან გადადგა. განცხადება მან მთავრობის ადმინისტრაციაში გააკეთა. 

მისი თქმით, კონკრეტული ადამიანის მიმართ (ნიკა მელიას) თუნდაც კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, მისთვის მიუღებელი.

ნიკა მელიას მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა აღკვეთი ღონისძიება გირაო პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა. მელია მხარდამჭერებთან და ოპოზიციის ლიდერებთან ერთად პარტიის ოფისში იმყოფებოდა, სადაც ღამე გაათენა. დღეს დილით ოფისში მელიასთვის განჩინების ჩაბარებისა და მისი დაკავების მიზნით პოლიცია მივიდა, თუმცა ისინი შენობაში არ შეუშვეს. 

მელია აცხადებს, რომ აპირებს დაემორჩილოს სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებას. 

 

 


close დახურვა