logo
ENG



ენმ უერთდება EECMD-ის ინიციატივას, რომ ემიგრანტებმა არჩევნებში ონლაინ მონაწილეობა შეძლონ

03 ნოე 202312:31
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობა უერთდება არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) ინიციატივას, რომლის თანახმადაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტებს ონლაინ ხმის მიცემის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა მზად არის, ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ამ ინიციატივაზე სამუშაოდ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტებმა, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის 15%-ს ქმნიან, შეძლონ საკუთარი ევროპული არჩევანის დაფიქსირება.

"არასამთავრობო ორგანიზაცია მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ ემიგრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა ონლაინ ხმის მიცემის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ცხადია, უერთდება ამ ინიციატივას, მზად არის აბსოლუტურად ყველა პარტიასთან ამ ინიციატივასთან დაკავშირებით სამუშაოდ, ნებისმიერ ფორმატში. ცხადია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მზად ვართ, განვიხილოთ ეს საკითხი, რომელიც ეხება ჩვენს ემიგრანტებს და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, 2024 წელს მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა ონლაინ და ნაციონალურ მოძრაობას ეს გამოცდილება უკვე აქვს და ონლაინ არჩევნების ჩატარება შიდაპარტიულ არჩევნებში ჩვენ გამოვიყენეთ, რომელშიც 50 000-მდე საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოდან საკუთარი ოჯახის შესანახად არიან წასულები, მიეცეთ საკუთარი კონსტიტუციური უფლების დაფიქსირების შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას არჩევნებში და შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2020 წლის შემდეგ საქართველოდან ემიგრაციაში წასულია 299 534 ადამიანი, მხოლოდ 2020 წლიდან 2022 წლის ჩათვლით. ეს რაოდენობა ადამიანების მხოლოდ 2 წლის განმავლობაში წავიდა ემიგრაციაში, ამ ადამიანების დიდი უმრავლესობა საქართველოში ქმნის ეკონომიკას და ეს შეადგენს ეკონომიკის 15%-მდე საქართველოში. ასევე, მნიშვნელოვანია, მათ მიეცეთ შესაძლებლობა დააფიქსირონ საკუთარი ევროპული არჩევანი და 2024 წელს ონლაინ მისცენ ხმა. ნაციონალურ მოძრაობას ნამუშევარი აქვს უკვე საკანონმდებლო ინიციატივაზე და ჩვენ ფაქტობრივად, მზად გვაქვს ეს საკანონმდებლო ინიციატივა, მაგრამ რახან ეს არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივაა, ვამბობთ, რომ მზად ვართ პარტიებთან კონსულტაციებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ეს დოკუმენტი საბოლოოდ იყოს შეჯერებული ოპოზიციასთანაც, არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.


close დახურვა