logo
ENG



ეპიდვითარების გამო ევროპული საქართველო დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქცია-მსვლელობას აუქმებს

16 ოქტ 202016:47
3 წუთის საკითხავი
clock 807

ევროპული საქართველო ხვალ დაგეგმილ ფართომასშტაბიან აქცია-მსვლელობას გაუარესებული ეპიდვითარების გამო აუქმებს. 

"ევროპულ საქართველოს ხვალ დაგეგმილი ჰქონდა მრავალათასიანი აქცია თბილისში, რომელიც უნდა დასრულებულიყო პროტესტის მარშით და მარში დასრულდებოდა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია, ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს აქცია აღარ შედგეს და ამით შევიტანოთ ჩვენი წვლილი მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვაში", - განაცხადა პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

ამასთან, ბაქრაძე ხელისუფლებას შექმნილი ვითარების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ვირუსთან ბრძოლის ყველა ეფექტური საშუალება დახარჯა.   

"ყველა შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკას და ვხედავთ, რომ ვითარება ყოველდღიურად უფრო მძიმე ხდება. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ დახარჯა კორონავირუსთან ბრძოლის ყველა ეფექტური საშუალება, ქვეყნისა და ეკონომიკის სრული ჩაკეტვა, იზოლირება და კარანტინი გაზაფხულზე, მაშინ, როცა დღეში იყო 25-30 შემთხვევა და დღეს, როცა დადგა მეორე ტალღა და დღეში გვაქვს 800-900 შემთხვევა, ქვეყანა პრაქტიკულად მოუმზადებელია და ყველა ვხვდებით მეორე ტალღას უფრო გაღარიბებული მოსახლეობით, უკვე გაჩერებული ეკონომიკითა და მოუმზადებელი ჯანდაცვით", - ამბობს დავით ბაქრაძე.  

ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდვითარება ქვეყანაში გამწვავდა. 16 ოქტომბრის მონაცემებით, 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 15 327 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა