ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ "შერიგებისთვის ეკლესიაში უნდა შევიკრიბოთ".
ის პოლიტიკოსების დისკუსიას გამოეხმაურა "შერიგების" შესახებ.
ეპისკოპოსმა თქვა, რომ ბევრისთვის აქვს "მძიმე სათქმელი"
"მათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან ჩვენც, მაგრამ სჯობს, ეკლესიაში მოხდეს, რადგან ეკლესიაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით". - თქვა მან ქადაგებისას.
"განა არ შემიძლია, მართლის და მტყუანის გარჩევა? მაგრამ დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ, ჩვენ შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ, ეს არის საქართველო. საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა, ჩვენი სახელმწიფოა და სხვა სამშობლო ჩვენ, ქართველებს და აქ მცხოვრებლებს არ გაგვაჩნია.
თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მე ვიქნები, სხვა იქნება, საზოგადოების სხვა ნაწილი იქნება, თუ ხელისუფლებები, ის შეცდომები და დანაშაულები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის, დაწყებული - თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათა მკვლელი ომი, დავზარალდით ქვეყანა, შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში გადაგვივიდა საკითხები და კარგად ვხედავთ, დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ იმედით ვარ აღსავსე, რადგან ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ძალიან ბევრისთვის გვაქვს მძიმე სათქმელი, იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან ჩვენც, მაგრამ სჯობს, ეკლესიაში მოხდეს, რადგან ეკლესიაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით". - თქვა ეპისკოპოსმა.
მან სინოდის წევრებს მოუწოდა, მხარეები არ გახდნენ და შერიგება "სადღეგრძელოდ ნათქვამი" არ დარჩეს.
***
შერიგების შესახებ ლაპარაკი თავდაპირველად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. 2021 წლის 14 ოქტომბერს, რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში ექსპრეზიდენტი წერდა, რომ "თუ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ, აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე".
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ში, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე თქვა, რომ "პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად".
ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მზად არის, შეუერთდეს პრეზიდენტის ამ ინიციატივას. მისივე თქმით, ეს გულისხმობს არა პოლიტიკოსების შერიგებას, არამედ თამაშის წესებზე შეთანხმებას, სამართლიანი სასამართლოს შექმნას და არჩევნების ჩატარებას.
იმავე დღეს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "შერიგებას პოლიტიკაში აქვს გარკვეული წინაპირობები და ამის წინაპირობა, პირველ რიგში, სინანული და მონანიებაა".
"როცა ენმ იტყვის, რომ არ ეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა და მოინანიებს, შევრიგდებით". - თქვა კობახიძემ.
11 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში "პრეზიდენტების შეხვედრა" შესთავაზა.
თავის მხრივ, შეხვედრაზე ლაპარაკი 28 ოქტომბერს დაიწყო, როცა შეიქმნა პეტიცია სალომე ზურაბიშვილის და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრის მოთხოვნით, გიორგი მარგველაშვილმა კი თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მზად არის, შეხვდეს როგორც სალომე ზურაბიშვილს, ისე მიხეილ სააკაშვილსაც.