logo
ENG



სააკაშვილი "შერიგებაზე": მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად

17 დეკ 202118:08
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი "შერიგებაზე": მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას სამოქალაქო თანხმობაზე და ამბობს, რომ მიესალმება დიალოგს, თუმცა შედეგი უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფად, ამიტომ მნიშვნელოვანია 21 დეკემბრის აქციაში მონაწილეობის მიღება.

"მე მინდა ვუთხრა ყველას, ვინც მიესალმება დიალოგის შეთავაზებას, რომ მეც თქვენს რიგებში ვარ. მაგრამ, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, და თან, დავინახოთ რაც შეიძლება სწრაფად. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას.

ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ.

ცალკე მინდა მივმართო ჩემს მომხრეებს: ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. მინდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას! ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც. ეს უზრუნველყოფს ჩემს თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც! სხვანაირად საზოგადოების იგნორირება და მოტყუება გარდაუვლად გაგრძელდება. ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს!

აბა თქვენ იცით! გორის ჰოსპიტლიდან გგულშემატკივრობთ ყველას და, რაც მთავარია, ვგულშემატკივრობ, ვიბრძვი და ვლოცულობ ჩვენი სამშობლოსთვის!" - წერს მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.

ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.

სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებული სიტუაციის დახასიათებისას თქვა, რომ საზოგადოება "გადაღლილია", "ძალიან მძიმე მდგომარეობა" კი "გაუსაძლისია" ყველასთვის. მანვე დაამატა, რომ ამას ემატება კოვიდი, სოციალური პირობები, ეკონომიკური პირობები. მისი შეფასებით, ყველაფერი დაყოფილია, მათ შორის, ეკლესიაც.

თავის სიტყვაში მან განაცხადა, რომ შერიგების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, წინაპირობების გარეშე და "ქართული". პრეზიდენტის აზრით, პარტნიორებს "პროცესის შიგნიდან გაგება არ აქვთ".

შეხვედრას ქართული ოცნებიდან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ. 

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გუშინაც გამოეხმაურა, რომ ბევრი წლის განმავლობაში პირველად მოისმინა "სიტუაციის ობიექტური და ძალიან ზუსტი დახასიათება". სააკაშვილი ამბობს, რომ მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად, მიესალმება დიალოგის შეთავაზებას. 


close დახურვა