logo
ENG



ერგნეთის შეხვედრაზე ქართული მხარე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვს

27 აპრ 202112:57
3 წუთის საკითხავი
clock 1238

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის რიგით 99-ე შეხვედრა მიმდინარეობს. 

ქართული მხარე საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების, ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის და ლაშა ხეთერელის გათავისუფლებას მოითხოვს. 

ასევე, ისაუბრებენ მცოცავ ოკუპაციაზე - საოკუპაციო ძალებმა სოფლებში ტახტისძირსა და დირბში, შემდეგ კი ღოღეთსა და თამარაშენში საოკუპაციო ხაზი გადმოსწიეს და ხის ძელები დაამაგრეს. 

დაახლოებით 2 კვირის წინ საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო პარლამენტში სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისია შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანაა, დაადგინოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები და "ამით განსაზღვროს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრები". 

ქარელის სოფლებში ტერიტორიის გადმოწევა და ბოძების დამაგრება სწორედ ამ კომისიის შექმნის შემდეგ დაიწყო. 

სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე ქართული მხარე ასევე დააყენებს საკითხს, აღდგომის დღესასწაულზე დაცული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება.

ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. მართალია, სასამართლო პროცესზე რამდენიმე რუსმა ჯარისკაცმა უარყო, რომ გახელაძემ მათი მიმართულებით ისროლა, ე.წ სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ სცნო. ზაზა გახელაძემ ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარი თქვა. 

გენადი ბესტაევი 2019 წელს დააკავეს, მას საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის დარღვევას და ნარკოტიკის კონტრაბანდას ედავება. მისჯილი აქვს 3-წლიანი პატიმრობა. 

ლიახვის ხეობიდან დევნილ ლაშა ხეთერელს ოკუპანტები ასევე ედავებიან "საზღვრის დარღვევას". ის ერთწლიან უკანონო სასჯელს იხდის. ის ამ ბრალდებით ადრეც იყო დაკავებული.


close დახურვა