logo
ENG



ერდოღანი: ვიცი, ბაიდენმა ერდოღანის ჩამოგდების განკარგულება გასცა

13 მაი 202320:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/13/yo0n40v8l6be5qx.jpg
SEDAT SUNA / AFP / GETTY IMAGES

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ გააკრიტიკა თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე ბრალდებების გამო და განაცხადა, რომ მისი მეტოქე მითითებებს ბაიდენისგან იღებს, ვისი მიზანიც "ერდოღანის ჩამოგდებაა".

11 მაისს რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა და ექვსი პარტიისგან შემდგარი ეროვნული ალიანსის ერთობლივმა კანდიდატმა ქემელ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა, რომ რუსეთია პასუხისმგებელი იმ ვიდეოზე, რომელიც 14 მაისს დაგეგმილი არჩევნების ოპოზიციური კანდიდატების დისკრედიტაციას ემსახურება.

კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ეს ბრალდება და განაცხადა, რომ თურქეთის არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით შეუძლებელია, კითხვები არსებობდეს და "ყველა, ვინც ამ ჭორებს ავრცელებს მატყუარაა".

ერდოღანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი თურქეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირეა სოფლის მეურნეობის, თავდაცვის ინდუსტრიასა და ტურიზმში.

ერდოღანმა ქილიჩდაროღლუს შესახებ თქვა, რომ ის მითითებებს ამერიკისგან იღებს და მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ ბაიდენმა "ერდოღანის ჩამოგდების" განკარგულება გასცა.

"საიდან მოდის დაახლოებით 5.5 მილიონი ტურისტი ჩვენთან? რუსეთიდან მოდიან. რას იზამთ ამაზე? ამას იმ მითითებების შესაბამისად გააკეთებთ, რაც ამერიკიდან მიიღეთ? ამას იმ მითითებების შესაბამისად გააკეთებთ, რაც ბაიდენისგან მიიღეთ?

ბაიდენმა დაგავალათ, რომ "უნდა ჩამოვაგდოთ ერდოღანი". მე ეს ვიცი. ჩემმა ხალხმა ეს იცის. ახლა, ხვალ, საარჩევნო ყუთები პასუხს ბაიდენსაც გასცემს" - თქვა ერდორანმა.

14 მაისს თურქეთში ახალ პრეზიდენტს და პარლამენტს აირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ქემალ ქილიჩდაროღლუ და დამოუკიდებელი კანდიდატი - სინან ოგანი იყრიან.

 

close დახურვა