ყარაბაღში ომის დასრულების თაობაზე სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ ერევანში საპროტესტო აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. ისინი ამბობენ, რომ ეს შეთანხმება მათთვის მიუღებელია და დანებებას არ აპირებენ.
ფაშინიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
მისი თქმით, "განცხადების ტექსტი წარმოუდგენლად მტკივნეულია მისთვის და სომეხი ხალხისთვის".
ფაშინიანი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და იმ ადამიანების შეფასების საფუძველზე მიიღო, რომლებიც ვითარებას საუკეთესოდ იცნობენ.
აზერბაიჯანულმა მხარემ 8 ნოემბერს გაავრცელა ცნობა, რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა მთიან ყარაბაღში სტრატეგიულ ქალაქზე, შუშაზე კონტროლი დაამყარეს. გარდა ამისა, მანამდე მათ კონტროლი დაამყარეს რამდენიმე ქალაქსა და სოფელზე.
2020 წლის 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა, დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები. ორჯერ რუსეთში, მესამედ კი აშშ-ის შუამავლობით ხელმოწერილი ცეცხლის შეთანხმების ხელშეკრულების მიუხედავად, ომი არ შეწყვეტილა.
არცახის რეგიონმა თავი დამოუკიდებლად 1991 წელს გამოაცხადა. 1992 წელს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი დაიწყო. კონფლიქტში 1994-დან 2016 წლამდე 1008 ჯარისკაცი და 90-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა.
მთიანი ყარაბაღი ეთნიკურად სომხებით დასახლებულია. არცახის რესპუბლიკა დე ფაქტო, თვითაღიარებული რესპუბლიკაა, რომელიც არც ერთ სახელმწიფოს უღიარებია, მათ შორის არც სომხეთს. აზერბაიჯანი ყარაბაღს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მის დაბრუნებას ითხოვს.