logo
ENG



ერევანში ოპოზიციამ ცენტრალური გამზირი გადაკეტა, მოქალაქეები ღამეს პარლამენტთან ათევენ

26 თებ 202100:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/26/hcps2pikzss6yph.png

ერევანში ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ბაგრამიანის გამზირზე, სადაც პარლამენტი, პრეზიდენტის რეზიდენცია და საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს, ბარიკადები მოაწყეს და ღამეს იქ ათევენ.

ისინი პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. ადგილზე ისმის მუსიკა. აქციის მონაწილეებმა ასევე კარვებიც გაშალეს. მათი განცხადებით, ისინი იქამდე არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

აღსანიშნავია, რომ დღეს კონტრაქციას პრემიერმინისტრიც მართავდა. ფაშინიანმა მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოაწყო.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა. ეს მოთხოვნა ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა. 

გენშტაბი თავის განცხადებაში ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნას იმით ხსნის, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ. თავის მხრივ ფაშინიანმა გენშტაბის უფროსი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა. 

ფაშინიანის მიმართ მზარდი საზოგადოებრივი წნეხი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სომხეთის მიერ წაგებულ პოზიციებს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც 10 ნოემბერს მხარეებს შორის, რუსეთის შუამდგომლობით, სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა, სომეხი ოპოზიციური ძალები და მათი მხარდამჭერები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ. 

შეთანხმების გაფორმების შემდეგ, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილზე, რომელიც 1990-იან წლებში დაკარგა, კონტროლი აღიდგინა. თავად ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეთანხმება ერთადერთი გამოსავალი იყო სომხური მხარისთვის, რათა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მთელ რეგიონზე არ მიეტანა იერიში. 


close დახურვა