კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პირი კლინიკა „მედკაპიტალის“ თანამშრომელია, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებიდან 7 მარტს დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ, ის სამსახურში გავიდა და პაციენტებიც მიიღო, გუშინ კი „კოვიდ 19“ დაუდგინდა.
კლინიკა მუშაობას ამ დრომდე აგრძელებს. „მედ კაპიტალის“ ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ვირუსის დადასტურების დღეს ესაუბრნენ დაავადებათა კონტროლის ცენტრს, სადაც უთხრეს, რომ გადადების შანსი მინიმალურია.
„7 რიცხვში, არავითარი რეკომენდაცია არ იყო ქვეყანაში გაცემული იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული ადამიანი უნდა მოქცეულიყო თვითიზოლაციაში. ამის მიუხედავად, 7 მარტს ჩამოსული ადამიანი 9-ში მოვიდა სამსახურში, დილიდანვე ვუთხარით, რომ სასურველი იყო გასულიყო თვითიზოლაციაში. მან ერთი დღე იმუშავა, 10 რიცხვში რომ მობრძანდა, კიდევ ვთხოვეთ და ამის შემდეგ გავიდა თვითიზოლაციაში. როგორც მე ვიცი, 10 რიცხვის შემდეგ სრულად იყო იზოლირებული და შეხება არავისთან ჰქონია. ამ ორკვირიან საიზოლაციო პერიოდში მას რა თქმა უნდა ჰქონდა ჩვენს ექიმებთან, თუმცა უსაფრთხოების წესები დაცვით. მე დავუკავშირდი დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ვესაუბრე წამყვან სპეციალისტებს, ხელმძღვანელობასაც და მათ ცალსახად დამიდასტურეს, რომ ინფიცირების შანსი არის მინიმალური, თითქმის 0-ის ტოლი“, - განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 73 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 252. ვირუსისგან სრულად განიკურნა 10 პაციენტი.