ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნინო ქავთარაძე ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მას არანაირი გამოხატული სიმპტომი არ ჰქონია თავის ტკივილის გარდა.
როგორც კლინიკა NP Medicine-ის თანადამფუძნებელი, ნინო ქავთარაძე სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ ყვება, მას შეხება ჰქონდა ვირუსის პოტენციურ მატარებელთან, თუმცა ეს ცნობილი არ იყო. სწორედ ამიტომ, თავის ტკივილის შემდეგ მან სისუსტე ნერვიულობასა და გადაღლას დააბრალა, თუმცა აღმოჩნდა, რომ თავადაც ინფიცირებული იყო.
„შეხება პოტენციურ წყაროსთან მქონდა კვირას, თუმცა არ ვიცოდით. ოთხშაბათიდან დამეწყო თავის ტკივილი. დავლიე იბუპროფენი, მაგრამ არ შველოდა. ეკამ გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ტორადოლის ნემსი, რომელიც ანტიინფლამატორია. სხვა არანაირი სიმპტომი არ მქონდა. იყო პრობლემები და ამიტომ ჩავთვალეთ, რომ თავის ტკივილი ნერვიულობისგან იყო გამოწვეული. მადლობა მინდა გადავუხადო მეუფე საბას, რომ გააკეთა ერთგვარი არაპოპულარული განცხადებები. ძალიან კარგია, რომ ასეთი მუშაობით მინიმუმზე ვიჭერთ ინფიცირებულთა რაოდენობას პენსილვანიის შტატში", - ამბობს ნინო ქავთარაძე.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 103 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 20 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.