უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკი ადასტურებს.
ერმაკს დიალოგის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ გერმანია უკრაინას "ძლიერ მოკავშირედ" რჩება და ევროპა უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანია.
„უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკისა და გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის დიალოგი დღეს ნამდვილად შედგა. გერმანია უკრაინის ძლიერ მოკავშირედ რჩება. დეტალების შესახებ ოფიციალური განცხადება გაკეთდება. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ უკრაინის დახმარებაში ევროპის ერთიანობის რღვევის შესახებ რუსეთის იმედები ამაოა“, - განაცხადა ერმაკმა.
გერმანული გამოცემა Bild-ის ცნობით კი, დიალოგი დაახლოებით 45 წუთი გაგრძელდა და საუბრისას „მხარეები შეთანხმდნენ, რომ წარსული უკან მოიტოვონ და მომავალში თანამშრომლობაზე კონცენტრირდნენ“.
გარდა ამისა, Bild იუწყება, რომ ზელენსკიმ გერმანიის პრეზიდენტი უკრაინაში დაპატიჟა.
***
შეგახსენებთ, რომ 12 აპრილს გერმანული გამოცემა BILD-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა, "როგორც ძლიერი ნიშანი", თუმცა პრეზიდენტმა ზელენსკიმ არ ისურვა მასთან შეხვედრა.
როგორ BILD წერდა, შტაინმაიერს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან ბოლო წლებში. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრს, მას მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთანაც.
