უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ვახო სანაიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების არამკაფიო პოზიცია ეჭვს იწვევს.
ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა და, მისი აზრით, საქართველოს მოსახლეობის პოზიცია ხელისუფლების პოზიციას არ შეესაბამება.
"მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ხალხს შორის ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა, მაგრამ ხელისუფლების დღევანდელი პოზიცია, მე ვფიქრობ, რომ არ შეესაბამება იმას, რასაც უბრალო ქართველები გრძნობენ.
მე ჩემს ქართველ მეგობრებს მუდმივად ვესაუბრები, მე ვიცი, როგორ უჭერენ მხარს, ვიცი, რამდენი ქართველი იღებს მონაწილეობას და უშუალოდ იცავს უკრაინას. არიან გმირები, რომლებიც, სამწუხაროდ, დაიღუპნენ. რა თქმა უნდა, ისინი აქ იცავდნენ არა მხოლოდ უკრაინას, ისინი იცავდნენ საქართველოს. მე მყავს მეგობრები, რომელთა ქართველი შვილები წინა ხაზზე დგანან. ისინი დღეს ჩემს ქვეყანას იცავენ, ამასთან, ისინი არიან ქართველები. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების ეს გაურკვეველი, არამკაფიო პოზიცია უპირობოდ იწვევს ეჭვს", - აცხადებს ანდრეი ერმაკი.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ, როგორც დემოკრატიულმა სახელმწიფომ თავად უნდა აირჩიოს საკუთარი გზა. თუმცა ერმაკის თქმით, უკრაინა ნამდვილად ხედავს ათასობით ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქის პოზიციას და დარწმუნებულია, რომ ისინი უკრაინას მხარს უჭერენ.
„თქვენ დემოკრატიული ქვეყანა ხართ, ქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი გზა. მაგრამ ჩვენ ვხედავთ საქართველოს ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანს და მე ვიცი ქართველების დამოკიდებულება უკრაინელების მიმართ. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ქართველო ხალხი არის მოძმე, მეგობარი უკრაინელების მხარეს.
ქართველი ხალხი სინამდვილეში დღეს პრეზიდენტ ზელენსკის მიიჩნევს თავისუფალი სამყაროს გმირად, ისევე როგორც მას აფასებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა