logo
ENG



ერმაკი ოცნების ბანერებზე: დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს

10 ოქტ 202414:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/10/0hnex0rqh1pnzdw.jpg

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ბანერებსა და არაეთიკურ ვიდეორგოლს ეხება. 9 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ის ეთერში თქვა, რომ "საზოგადოებას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა ხდება უკრაინაში, ბილბორდებმა სიმართლე გააშიშვლა".

"ვნახე [ირაკლი კობახიძის] განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი მშვენივრად ხვდება სიმართლეს და ამიტომ მხარს უჭერს უკრაინელებს მათ ბრძოლაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ", - დაწერა ერმაკმა საკუთარ Telegram-არხზე.

***

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ბილბორდებსა და არაეთიკურ ვიდეორგოლზე თქვა, რომ მათი მეშვეობით უკრაინაში მიმდინარე მოვლენები "გააშიშვლეს", რადგან, კობახიძის აზრით, საზოგადოებას ომზე სათანადო ინფორმაცია არ ჰქონდა.

***

ქართული ოცნების ახალ ბანერებზე, რომელიც ქუჩებში 26 სექტემბერს გამოჩნდა, ასახულია უკრაინის დაბომბილი ეკლესია, მარიუპოლის განადგურებული თეატრი, ასევე მიწასთან გასწორებული ქალაქი - წარწერით "არა ომს", შედარებისთვის კი საქართველოს სხვადასხვა ლოკაცია წარწერით - "აირჩია მშვიდობა". ბანერები თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე დაამონტაჟეს.

რაც შეეხება ვიდეორგოლს - ის არაეთიკურია, შეიცავს ომის პროპაგანდას, ეროვნული შუღლის გაღვივებისკენ მოწოდებას და ამომრჩევლის ომით დაშინებას. 


close დახურვა