საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ნინო გედენიძის განცხადებით, მას ქართული ოცნების წარმომადგენლები სამსახურიდან გაგდებით დაემუქრნენ.
როგორც გედენიძე ამბობს, მმართველი პარტიის კოორდინატორები აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მისივე თქმით, ისინი ითხოვდნენ მიეღოთ პასუხი კითხვაზე - თუ ვის აძლევდა ხმას 31 ოქტომბერს.
ბიბლიოთეკის თანამშრომლის თქმით, უარის შემდეგ მას შეახსენეს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობს და თუ ოცნების სასარგებლოდ არ მისცემს ხმას პრობლემები შეექმნებოდა.
"3 კვირის წინ კარდაკარის ფორმატში ქალბატონი იყო მოსული. კატეგორიული ტონით მოითხოვა კარის გაღება და ასეთივე კატეგორიული ტონით მკითხა: ვის ვაძლევ ხმას. პასუხის გაცემის სურვილი არ გამიჩნდა და ვუთხარი, რომ არ გეთყვით თქო. გააკეთა დასკვნა - რადგან მალავთო, ესე იგი ხართ ოპოზიცია. რაღაც რაღაცები ჩაინიშნა და წავიდა. 3 დღის წინ ისევ ეს ქალბატონი მოვიდა. მითხრა, რომ არის ქართული ოცნების წარმომადგენელი და იცის, რომ მისი ამომრჩეველი არ ვარ. მიფიქსირებს ჩემს სახელსა და გვარს, მეუბნება სამუშაო ადგილს და მაწვდის მმართველი გუნდის კანდიდატის ფლაერს. თავისი სახელი და გვარი არ მითხრა. კარდაკარ მოსიარულე ადამიანმა არ უნდა იცოდეს მე სად ვმუშაობ.
მან კარგად იცოდა სად ვმუშაობდი, მიმანიშნა ის ადგილიც, ჩემი სახელი და გვარი ისედაც იცოდა და გამაფრთხილა. თავიდანვე დაიწყო, რომ არის ოცნების წარმომადგენელი და მითხრა, რომ მე ვიცი სადაც მუშაობო.
ძალიან სერიოზულად შემოხაზა ჩემი სახელი და გვარი რაღაც ცალკე სიაში. 2-2 სიით დადიოდნენ. კითხვაზე საიდან იცოდა ჩემი სამუშაო ადგილი?! - მიპასუხა: შენი საქმე არ არისო. სხვებიც დადიოდნენ, მაგრამ ისინი მშვიდობით წავიდნენ", - ამბობს ნინო გედენიძე.
ცნობისთვის, ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ბალანსზეა. დღეს ქართული ოცნების ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ გედენიძის ბრალდებები აბსურდულია და სიმართლეს არ შეესაბამება.