ოპოზიცია რეგლამენტში გათვალისწინებულ ახალ რეგულაციებს კრიტიკულად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, არსებული ცვლილებები გმხოლოდ ოპოზიციური ხმის ჩასახშობად ხორციელდება.
„კრიტიკას ვერ უძლებს ის ინიციატივა, რომელიც კობახიძემ წარმოადგინა. აშკარად ის კარგი სტანდარტები, რაც პარლამენტს ჰქონდა იცვლება ამ რეგლამენტით ნეგატიურისკენ. ეს არ არის დემოკრატიული გზა პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებების. ეს არის ადამიანი რომ დაჯდება და იფიქრებს, როგორ უნდა შევზღუდო და მაქსიმალურად ჩავახშო ოპოზიციური ხმა. თუმცა დაავიწყდა ის, რომ დღეს თუ უმრავლესობაში არიან, ხვალ შეიძლება თვითონ იყვნენ ოპოზიციაში და ამას უბრალოდ ახლა ვერ გრძნობენ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მარიამ ჯაშის თქმით, კი აღნიშნული ცვლილება სრულიად ეწინააღდეგება დემოკრატიულ პრიციპებს. მთელი ეს გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პარლამენტი უნდა შეიცვალოს.
„მომდევნო პარლამენტში შეიძლება შეიზღუდოს დამოუკიდებელ დეპუტატთა ტრიბუნა. მათ შეიძლება ვეღარ შექმნან დამოუკიდებელი ფრაქციები, რაც მე ვფიქრობ, რომ დემოკრატიისთვის და პლურალიზმისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს არის ჩემი მთავარი შეკითხვა და პრობლემა. მიუხედავად კრიტიკისა, რა თქმა უნდა უმრავლესობა დაძლევს და მიიღებს აღნიშნულ ინიციატივას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ უფრო მეტი სტიმულია, რათა პოლიტიკური სპექტრი კიდევ უფრო აქტიური გავხდეთ და მომდევნო პარლამენტში შევცვალოთ, უკან დავაბრუნოთ ის ცვლილება, რაც იქნება მიღებული“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.
ცვლილებებს თამარ ჩუგოშვილის გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ოპოზიციას მაქსიმალურად შეეზღუდა უფლებები. აღნიშნულს კი აუცილებლად მოჰყვება უარყოფითი შედეგები.
„ინიციატივები, რომელიც ოპოზიციას დღეს არსებულ ნომინალურ უფლებას, რომ დამოუკიდებელ ორგანოებში თავიანთი წარმომადგენლები წარადგინონ, ფაქტობრივად ესეც წაერთმევათ და გაჟღერდა ძალიან საშიში ინიციატივა სხდომათა დარბაზში, რომელიც შეეხებოდა შემდეგს, რომ კომიტეტის სხდომები, რომელიც არის ღია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და პარლამენტის წევრებისთვის, ასეთი გარე პირებისთვის ან პარლამენტის იმ წევრებისთვის, რომლებიც არ არიან კომიტეტის წევრები, ფაქტობრივად ზღუდავს ამ კომიტეტის საქმიანობაში ჩართულობას, სხდომაზე მისვლას, დასწრებას, პოზიციის დაფიქსირებას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
საპირისპირო მოსაზრებებია მმართველ გუნდში. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებები, მომდევნო მოწვევის პარლამენტს უფრო ჯანსაღს გახდის.
„რეგლამენტში შედის ცვლილებები, რომლითაც გაჯანსაღდება პარლამენტის სტრუქტურა, ასევე პროცედურები. მკვიდრდება ერთიანი სტანდარტი და იზრდება ფრაქციებისთვის გამოყოფილი დრო. ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი ცვლილებები. ასევე მოწესრიგდება ფრაქციების კუთხით პარლამენტის სტრუქტურა. ვიცე-სპიკერების ნაწილში გვექნება ოპტიმიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. მთლიანობაში ეს არის ჯანსაღი ცვლილებები, რომელიც გააჯანსაღებს როგორც სტრუქტურას, ასევე პროცედურებს მომდევნო მოწვევის პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ახალი რეგულაციების თანახმად, თუ პარლამენტის წევრები ერთი და იმავე პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკით იქნებიან არჩეული, ამ შემთხვევაში ისინი მხოლოდ ერთ ფრაქციას შექმნიან და ასეთი ფრაქციის დანაწევრება შეუძლებელი იქნება. ასევე ერთი პარტია მხოლოდ ერთ ფრაქციას უნდა ქმნიდეს.