პარლამენტის დისტანციური მუშაობის საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში დღეს იმსჯელებენ. კანონპროექტთან დაკავშირებით ცვლილებებს დეპუტატები დაჩქარებული წესით განიხილავენ. ამის პარალელურად ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტის ხანგრძლივობასა და კიბერუსაფრთხოებაზე საუბრობენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, მსგავსი სახის ცვლილებები მხოლოდ ერთჯერადი სახითაა მისაღები, რადგან, სახელმწიფო ტექნოლოგიურად მსგავსი სახის გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად არ არის. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით ეს გადაწყვეტილება სარისკოა.
"თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ იქნება, მაშინ შესაძლებელია იყოს მიღებული მხოლოდ ერთჯერადად და მხოლოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით. ხოლო პარლამენტში რაზეც ახლა მსჯელობენ, ეს არის ზოგადი ამბავი, რომ პარლამენტის სხდომა შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად, განსაკუთრებულ შემთხვევებში. იქ ჩამოთვლილი არ არის კონკრეტული სიტუაციები. მსგავსი პრაქტიკა დემოკრატიულ სახელმწიფოებში პრაქტიკულად არ არის. ამას უკიდურესი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ", - განაცხადა გოცირიძემ.