"დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ!", - ამ მოთხოვნით თბილისის საკრებულოსთან "სამოქალაქო მოძრაობის" წევრები აქციას მართავენ. საყოველთაო აღშფოთება, ერეკლე კუხიანიძის Facebook-პოსტს მოჰყვა, სადაც მან ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციაში დაადანაშაულა, მის ოჯახს კი შეურაცხყოფა მიაყენა.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ალეკო ელისაშვილი კუხიანიძეს "ნაგავს" უწოდებს და აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ თანაგუნდელი თანამდებობიდან უნდა გადააყენოს.
„ღმერთმა დამიფაროს ამ ნაგავთან რამე თხოვნა მქონდეს. ეს ნაგავი არ უნდა იყოს საკრებულოში. მივმართავ საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემელაძეს, თუ რამე კეთილგონიერება შემორჩენიათ, დაარწმუნონ, ან გააგდონ ან რამე ქნან, რომ ეს კაცი საკრებულოში აღარ იყოს. ის ჩვენი გადახდილი გადასახადებით არ უნდა იღებდეს ხელფასს. იმის მაგივრად, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა იცოდეს, რომ მთელი ერი გვერდში ვუდგავართ, ეს კაცი გამოდის და ოჯახს აგინებს. რაც უნდა წეროს Facebook-ში, მაგრამ საკრებულოში არ უნდა იყოს, წაეთრიოს“, - აცხადებს ელისაშვილი "ფორმულასთან" საუბარში.
"სამოქალაქო მოძრაობის" კიდევ ერთი წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, პირი, რომელიც მსგავს მწვავე განცხადებებს აკეთებს, თანამდებობას არ უნდა იკავებდეს. მისივე თქმით, აქტივისტები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კუხიანიძემ პოსტი დატოვოს.
"მოვისმინე, რომ ადამიანებს აქვთ განსხვავებული აზრის ქონის უფლება, მაგრამ ეს არ არის განსხვავებული აზრი. ეს მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. დედას როცა აგინებ ასეთ ადამიანს, ეს რა მორალში ჯდება?! როგორ შეიძლება ის საკრებულოში მუშაობდეს?! მთელი ქვეყანა ერთ პოზიციაზეა, გარდა ამ ადამიანისა და რამდენიმე მარგინალური პოლიტიკოსისა", - განაცხადა იოსელიანმა.
ადგილზე მოძრაობა "შეცვალეს" წევრებიც იმყოფებიან. აქციის მონაწილეებისთვის კუხიანიძის განცხადება მიუღებელია და ისინი აცხადებენ, რომ მან სადეპუტატო მანდატი უნდა დატოვოს.
შეგახსენებთ, საკრებულოს წევრი ერეკლე კუხიანიძე საკუთარ Facebook-გვერდზე 15 დეკემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიერ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა. კუხიანიძის თქმით, საოკუპაციო ხაზთან აქციის გამართვა პროვოკაციული ნაბიჯია და ამით ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება. კუხიანიძის კრიტიკას საზოგადოების დიდი ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა კუხიანიძის საკრებულოდან გარიცხვა მოითხოვა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემრერს, ე.წ. საზღვრის განზრახ გადაკვეთისთვის დააკავა. ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.