logo
ENG



ეს შესაძლოა მინისტრის იმპიჩმენტის საფუძველი იყოს-ტიკარაძე პარლამენტში ისევ არ მივიდა

03 ივნ 202013:59
3 წუთის საკითხავი
 

საკანონმდებლო ორგანოში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე არმისვლით ეკატერინე ტიკარაძემ უკვე მესამედ დაარღვია რეგლამენტი. დამოუკიდებელი დეპუტატების თქმით, აღნიშნული კითხვის ნიშნებს აჩენებს მინისტრის კომპეტენციასთან დაკავშირებით. მათ შორის ლევან კობერიძე დარწმუნებულია, რომ ჯანდაცვის მინისტრს გაუჭირდება სიღრმისეულად მსჯელობა და საუბარი მნიშვნელოვან საკითხებზე.

"ჯანდაცვის მინსიტრი უკვე ერთხელ იყო ჩვენი ფრაქციის მიერ დაბარებული და მაშინაც დაარღვია რეგლამენტი, არ მოვიდა. მეორეც, თავად კომიტეტის წევრებმა ვუყარეთ კენჭი და ყველა თანახმა ვიყავით, რომ მოსულიყო მინისტრი. შესაბამისად პასუხები გაეცა კითხვებისთვის. ახლა უკევ მესამედ დაარღვია კანონი და არ მოვიდა სხდომაზე. თუ არ მეშლება უკვე წელიწადი და 3 თვეა ჯანდაცვის მინისტრია და არც ერთხელ კომიტეტის სხდომაზე ის არ მოსულა. არ მოსულა იმ კომიტეტში, რომლის  ვალდებულებაცაა სამინისტროს საზედამხევდელო ფუნქცია. არც თავისი ნებით და ინიციატივით. პრობლემა გვაქვს კომპეტენციაში, რადგან როცა კომიტეტში მოდის მინისტრი, ყველამ იცის, რომ იქ მიდის საგნობრივი მსჯელობა. ეს არაა არც მინისტრის საათი და არც ინტელპელაცია. როცა მინისტრს კითხვას უსვამ, მერე თავის მთელ გუნდთან ერთად ორი საათის განმავლობაში ცდილობს საუკეთესო პასუხი დაწეროს და მერე დაბრუნდეს. ანუ მას მოუწევდა დღეს აქ ცოცხალ დისკუსიაში ყოფნა",-აცხადებს ლევან კობერიძე. 

დამოუკიდებელი დეპუტატები არ გამორიცხავენ არც იმ ფაქტს, რომ მინისტრის მხრიდან მსგავსი ქმედება შესაძლოა გახდეს მისი იმპიჩმენტის საფუძველიც. ეს იმიტომ, რომ რეგლამენტი ეკატერინე ტიკარაძემ უკვე რამდენჯერმე დაარღვია.

"ვფიქრობ კანონის დარღვევაა, მით უმეტეს მინისტრს არ ეპატიება და ასეთი კანონდარღვევა შესაძლოა იყოს მინისტრის იმპიჩმენტის საკითხის დაწყების საფუძველი კი",-აღნიშნავს მირიან წიკლაური.

დამოუკიდებელ დეპუტატებს მინისტრთან 4 ძირითად საკითხზე უნდა დაესვათ კითხვები. მათ შორისაა პანდემიის მეორე ტაღლის მოლოდინი და ხელისუფლების მზაობა. ასევე სამსახურიდან პანდემიის დროს გათავიუსფლებული სოც. მუშაკების საკითხი. 

"მინისტრის მხრიდან ასეთ აღვირახსნილ ქმედებას საზოგადოება პასუხს გასცემს, რადგან ეს არ არის უბრალოდ დაბარება და ახირება. აქ ფუნდამენტური საკითხებია, მაგალითად როგორ გაყარეს სამსახურიდან სოციალური მუშაკები",-აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი. 

ეკატერინე ტიკარაძემ რომ რეგლამენტი დაარღვია, აღნიშნულს თავად კომიტეტის თავმჯდომარეც ადასტურებს. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მინისტრმა შეხვედრის გადადება თვის ბოლომდე ითხოვა.

"მინისტრმა გამოაგზავნა წერილი და ის გვთხოვს, რომ ასეთი შეხვედრა შედგეს მიმდინარე თვის ბოლო კვირას. დამოუკიდებელი დეპუტატები ამას არ ეთანხმებიან. იცის, რომ მინსიტრი არ მოდის დღეს კომიტეტში და ეს გარკევულწილად თანხვედრაში არ მოდის რეგლამენტთან",-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძე დღეს ჯანდაცვის კომიტეტში იყო დაბარებული, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს წერილი გაუგზავნა და ვიზიტის გადადება მოითხოვა. 


close დახურვა