logo
ENG



ესებუა ამბობს, რომ ბანკი არ გაუძარცვავს და ლიკვიდაციის შიშის გამო იმალებოდა

08 თებ 202318:18
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/08/o27hk4tmqrdenwc.gif

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას თქმით, ესებუა იმ დღეს ბანკში საერთოდ არ იმყოფებოდა. 

"ბადრი ესებუა ამბობს, რომ მას საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა ბანკის ძარცვაში და იმიტომ იმალებოდა, რომ ლიკვიდაციის ეშინოდა", - განაცხადა ესებუას ადვოკატმა.

დღეს, ორწლიანი ძებნის შემდეგ, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა დააკავეს.  ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში გამთენიას აიყვანეს, როცა სავარაუდოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ის ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი - ბადრი ესებუა შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს.

ესებუა შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ესებუა მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. 4 დეკემბერს ის ძებნილად გამოცხადდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა