ესპანეთი უკრაინაში Leopard 2-ის 6 საბრძოლო ტანკის გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა დღეს ესპანელ პარლამენტარებთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რობლესმა აღნიშნა, რომ მომავალში, შესაძლოა, უკრაინაში უფრო მეტი ტანკი გაიგზავნოს.
25 იანვარს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
11 თებერვალს, გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე Leopard 2-ის 80 ტანკი უკრაინაში გასაგზავნად მზად იქნება.
შოლცის თქმით, გერმანია თავის მოკავშირეებთან ერთად უკრაინას ტანკებს სწორედ იმისთვის აწვდის, რომ ქვეყანამ ბრძოლის ველზე თავის დაცვა შეძლოს. ამასთან, გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული. მისი განცხადებით, ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს.