რამდენიმე საათში ესპანეთში საარჩევნო უბნები დაიხურება. პოლიტიკურ არჩევანს ესპანელი ხალხი წელს მეორედ აკეთებს. ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია, სავარაუდოდ, კვლავ ხმების უმრავლესობას მოიპოვებს, თუმცა პარლამენტში რამდენიმე ადგილს მაინც დაკარგავს. სამაგიეროდ, ძალას ულტრა-მემარჯვენე პარტიები იკრებენ. ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში ცენტრალურ ხელისუფლებასა და კატალონიის მთავრობას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები ესპანეთში დილის 9 საათზე გაიხსნა. ქვეყანაში პარლამენტს წელს მეორედ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი მეოთხედ ირჩევენ. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ხმების უმრავლესობას ამჯერადაც სოციალისტური პარტია მიიღებს, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო დეპუტატების რაოდენობას მაინც ვერ დააგროვებს. გაზაფხულზე ჩატარებული არჩევნების შემდეგ გაორმაგდა მემარჯვენე პარტიების მხარდამჭერთა რიცხვი. გამოკითხვებმა ისიც აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არჩევნების მიმართ სკეპტიკურადაა განწყობილი და რეალურ ცვლილებებს არ ელის.