ეუთო/ოდირი საქართველოს უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის პროცესს აფასებს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ 20 მოსამართლე დანიშნა და რომ მთელ ამ პროცესს აკლდა კეთილსინდისიერება, ობიექტურობა და სანდოობა.
"სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის აღსადგენად და მისი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობას დაჟინებით მოუწოდებენ გადადოს მოსამართლეთა შემდგომი დანიშვნები უმთავრესი რეფორმების გატარებამდე" - წერია ეუთო/ოდირის საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მეოთხე ანგარიშში.
ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტმა 6 მოსამართლე უვადოდ დანიშნა მიუხედავად 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებისა და ჩანაწერისა, რომ პროცესი შეჩერდებოდა სასამართლო სისტემის რეფორმის გატარებამდე.
"გადაწყვეტილებამ, დანიშვნის პროცესის გაგრძელების შესახებ, მაშინ როდესაც მას აკლდა ინკლუზიურობა და ეწინააღმდეგებოდა უკვე მიღწეულ შეთანხმებას პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენა მისი სანდოობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემისადმი საკმაოდ დაბალია. მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იზრუნოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის შემდგომ გაუმჯობესებაზე ფართომასშტაბიანი რეფორმების გატარების მეშვეობით". - აცხადებს ოდირის დირექტორი, მატეო მეკაჩი.
უზენაეს სასამართლოში 20-დან 6 მოსამართლე 2021 წლის 12 ივლისს დაინიშნა საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდებების მიუხედავად, შეეჩერებინათ პროცესი.
ეუთო/ოდირი პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ დანიშვნა უზენაეს სასამართლოში დარჩენილ 5 ვაკანტურ თანამდებობაზე, ვიდრე სასამართლო სისტემაში არ დასრულდება რეფორმების გატარება.
ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციებია:
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნების შესახებ საკანონმდებლო ბაზის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ODIHR-ისა და ვენეცის კომისიის შეუსრულებელ რეკომენდაციებთან, რათა მოხდეს მათი შესაბამისობის უზრუნველყოფა მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან;
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და მისი შემადგენლობის რეფორმირება მისი დამოუკიდებლობისა და სამართლიანობისადმი საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების მიზნით. რაც უნდა მოხდეს საბჭოს წევრების დანიშვნის კონკურენტული, ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესების უზრუნველყოფის მეშვეობით, რომლებიც დაფუძნებული იქნება მკაფიოდ განსაზღვრულ, ობიექტურ კრიტერიუმებზე. რეფორმის დასრულებამდე უნდა შეწყდეს საბჭოს წევრების ვაკანტური ადგილების შევსების პროცესი;
- ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმის განხორციელება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის ასამაღლებლად ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და პარტიათაშორისი რეფორმის განხორციელების პროცესის მეშვეობით, რომელშიც ასევე აქტიურად იქნებიან ჩართულნი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და იურიდიული ექსპერტები.
- დანიშვნების პროცესში პარლამენტის როლის პარამეტრების გადახედვა, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მხოლოდ დამსახურებებზე დაფუძნებული, ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე მოხდება მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებების მიღება, ასევე უნდა მოხდეს საკანონმდებლო და პროცედურული გარანტიების მიღება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის პოლიტიზირების თავიდან ასაცილებლად;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობების კონკურსისთვის შესაბამისობის კრიტერიუმების მინიმალური ზღვრის იმგვარი ცვლილება, რომ კანდიდატებს მოეთხოვებოდეთ სამუშაო გამოცდილების მეტი წელი და ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის მეტი გამოცდილება, რათა მოხდეს უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების ადგილებზე უფრო მაღალი სტანდარტების კანდიდატების უზრუნველყოფა;
- საჭიროებისდა მიხედვით დროის ხანგრძლივობის შეცვლა მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენისა და დანიშვნის პროცესის ყველა ეტაპზე, რათა გადაწყვეტილებების მიღებამდე შესაძლებელი გახდეს კანდიდატთა დამსახურებების ზედმიწევნითი განხილვა, რაშიც შედის როგორც პარლამენტში მოსმენების ჩატარებამდე დროის ხანგრძლივობა, ასევე მოსმენების შემდეგ;
- დასაბუთებული გადაწყვეტილებების მოთხოვნის დამატება დანიშვნის პროცესის ყველა ეტაპზე, რომლებიც მკაფიოდ განსაზღვრულ კრიტერიუმებს დაეფუძნება და მათი დროულად გამოქვეყნების მოთხოვნა;
- საკანონმდებლო ბაზაში ცვლილებების შეტანისგან თავის შეკავება მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მიმდინარეობისას და იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა კანდიდატის მოსმენა და მათი კანდიდატურის განხილვა ერთი და იგივე წესებითა და პროცედურებით მოხდება;
- უზენაეს სასამართლოში ორივე სქესის დაბალანსებული წარმომადგენლობის გარანტიების შემოღების განხილვა, რაც არ უნდა მოხდეს დამსახურების ძირითადი კრიტერიუმისა და იმ მექანიზმების ხარჯზე, რომლებიც ხელს უწყობენ აღნიშნული ამოცანის განხორციელებას.
ეუთო/ოდირი ასევე აღნიშნავს რომ კანდიდატების ძალიან მცირე ნაწილი იყო ქალი.
"აღნიშნული ხაზგასმით მეტყველებს იმ საჭიროებაზე, რომ საქართველომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გაიღოს ქვეყანაში გენდერული თანასწორობისა და მართლმსაჯულების სისტემის ინკლუზიურობის უზრუნველსაყოფად". - წერს ორგანიზაცია ანგარიშში.