logo
ENG



ეუთო/ოდირმა უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტები ნეგატიურად შეაფასა - დასკვნა

09 აგვ 202312:12
3 წუთის საკითხავი
 

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR), სახალხო დამცველის მიმართვების საფუძველზე, მოამზადა ე.წ. „უცხოელი აგენტების“ შესახებ სამართლებრივი დასკვნა და აღნიშნული ინიციატივები ნეგატიურად შეაფასა.

"როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, მწვავე სოციალური პროტესტების შედეგად, მითითებულ კანონპროექტებზე საქართველოს პარლამენტში მსჯელობა არ გაგრძელებულა, ერთი მათგანი გამოთხოვილ იქნა, მეორე კი მეორე მოსმენით ჩავარდა. თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეუთო/ოდირმა გააგრძელა დასკვნაზე მუშაობა და საკითხთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების სტანდარტებისა და რეკომენდაციების ფართო მიმოხილვა წარმოადგინა." - ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება არის ძლიერი და მყარი დემოკრატიის ქვაკუთხედი, თუმცა, როგორც ომბუდსმენის განცხადებაში ვკითხულობთ, სწორედ ამ ღირებულებებზე ავლენს "რუსული კანონი" ნეგატიურ გავლენას.

ეუთო/ოდირის დასკვნა ასევე დაფინანსების საკითხსაც შეეხება. კერძოდ, ნათქვამია, რომ დაფინანსება ასოციაციების ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოა, ხოლო ხელისუფლება კანონის შემოღებით ცდილობს კონტროლი მოიპოვოს მსგავს კომპანიებზე.

"ასოციაციებს სჭირდებათ დაფინანსება თავიანთი საქმიანობის გასაგრძელებლად, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა უცხოურ დაფინანსებას საეჭვოდ მიიჩნევს. მთლიანობაში, ე.წ. „უცხოური აგენტების კანონების“ ან მსგავსი სხვა კანონების მიზანია მოიპოვოს დაფინანსებასა და მის მიმღებზე კონტროლი რიგი შეზღუდვების შემოღებით. რაც მოიცავს რეგისტრაციის მკაცრ პირობებს, ანგარიშგებისა და აღრიცხვის გამოქვეყნების მოთხოვნებს, ინსპექტირებას მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში. " - ნათქვამია ეუთო/ოდირის დასკვნაში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ როგორც წესი, მსგავსი კანონმდებლობა ხშირ შემთხვევაში არ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა კანონის საერთაშორისოდ გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამიტომ, მსგავსი კანონი საერთაშორისო სტანდარტებით უნდა განხორციელდეს და იყოს პროპორციული დემოკრატიული საზოგადოებისთვის.

ამასთანავე მიმოხილულია აშშ-ისა და ავსტრალიის კანონმდებლობა და "ხაზგასმულია, რომ ისინი ფუნდამენტურად განსხვავებული შემთხვევებია, სრულიად სხვა მიზანი და მასშტაბი აქვთ," სწორედ ამიტომ, ისინი არ წარმოადგენენ რელევანტურ შედარებას ქართული მაგალითისთვის.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს "ხალხის ძალას" უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" შეეხებოდა. ეს კანონი ეხებოდა ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებდა. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებოდნენ ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.

თუმცა მარტში ხალხის მასობრივი პროტესტის შედეგად უმრავლესობამ კანონპროექტი გაიწვია.

 

close დახურვა