როგორ უყურებენ მოქალაქეები ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას ეპიდემიის პირობებში და როგორ იქცევიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში - ამ კითხვებზე პასუხს ახალი სოციოლოგიური კვლევა იძლევა. კვლევის ავტორები ზიარების დროს ინფექციის გადადების საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული შეხედულებითაც დაინტერესდნენ.
გამოკითხულ მოქალაქეთა უმეტესობა აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით გამოცემულ რეკომენდაციებს იცავენ და აქვთ ინფორმაცია ყველა იმ რისკზე, რამაც შესაძლოა, ინფიცირება გამოიწვიოს. თუმცა ანონიმური გამოკითხვისას ვითარება იცვლება. "მონაცემთა კვლევის ჯგუფმა" გამოკითხვა კონფიდენციალურობის დაცვით, ინტერნეტმომხმარებლებში ჩაატარა. გამოკითხულთა 83% ფიქრობს, რომ კორონავირუსით ინფიცირება შესაძლებელია ზედაპირებთან შეხებით, თუმცა მხოლოდ 60% მიიჩნევს, რომ ინფიცირება შესაძლოა, ზიარების დროსაც მოხდეს.
მონაცემთა კვლევის ჯგუფმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებიც გამოკითხა და პასუხები პარადოქსული აღმოჩნდა - სამედიცინო მუშაკების 13.3% ზიარების დროს ვირუსის გადაცემის ალბათობას გამორიცხავს, 22,5%-მა კი, არ იცის საერთო კოვზით გადადის თუ არა ვირუსი. სპეციალისტებისთვის ეს მონაცემები მოულოდნელი და საყურადღებო აღმოჩნდა. ისინი აქცენტს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებზე აკეთებენ.
გამოკითხულთა 74,3%-ის აზრით, ეკლესიებში თავშეყრის საკითხს სახელმწიფო უნდა არეგულირებდეს, 62,4%-ის თქმით, იცავენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფიზიკურ დისტანცირებას, 18,6% ამას შეძლებისდაგვარად ახერხებს, 18,1% აცხადებს, რომ საერთოდ არ დადის თავშეყრის ადგილებში, ხოლო 0,9% ფიზიკური დისტანცირების რეკომენდაციას არ იცავს.
თავშეყრის ადგილებში მაქსიმალური დისტანცირება და ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვა, მთავარ რეკომენდაციად რჩება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აქცენტს კვლავ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაცვის მნიშვნელობაზე აკეთებს.
17 აპრილს ჩატარებულ ინტერნეტგამოკითხვაში, მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით, 1469-მა ადამიანმა მიიღო.