logo
ENG



ექიმთა საბჭოს წევრი სააკაშვილზე: ამ დაწესებულებაში პაციენტის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი

17 ნოე 202101:07
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/17/th4wy65ccs9bjys.jpg

ომბუდსმენის მიერ შექმნილი ექიმთა საბჭოს წევრი, კლინიკა ღია გულის ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მე-18 პენიტენციური დაწესებულება კარგად აღჭურვილია, თუმცა იქ მიხეილ სააკაშვილისნაირი პაციენტის მკურნალობა მიზანშეწონილი არაა.

ექიმთა საბჭო ციხის სამედიცინო დაწესებულებაში ოთხ საათზე მეტხანს იმყოფებოდა. როგორც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, საბჭოს წევრებმა გასინჯეს მიხეილ სააკაშვილი, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, გაესაუბრნენ პერსონალს და შეაფასეს იქ არსებული სიტუაცია.

ექიმი გიორგი გრიგოლია ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობს, რასაც დაწესებულებაში მყოფებიც ადასტურებენ. მისი შეფასებით, სააკაშვილის მდგომარეობა ახლოსაა იმისკენ, რომ დამძიმდეს. ანალიზებში არსებული ცვლილებები კი აჩვენებს, რომ ის ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებს.

"ეს ინფრასტრუქტურა არის შექმნილი ორი კვირის წინ, არის ინტენსიური თერაპიის პალატა, საკმაოდ კარგად აღჭურვილი, სტაფი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან. იქ არის მორიგე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და მორიგე ექთანი ყოველდღე. მაგრამ უარყოფითი ისაა, რომ ინტენსიური თერაპიის გამოცდილება ამ დაწესებულებას არ აქვს, რადგან ასეთი რამ არ ყოფილა და ისეთი პაციენტი, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ის ჯერ არ საჭიროებს რეანიმაციას, მას სჭირდება ინტენსიური თერაპია. საბოლოო დასკვნებზე ერთმანეთში შევჯერდებით, რადგან სხვადასხვა საქმით ვიყავით დაკავებული. ჩემი პირადი აზრია, რომ ამ დაწესებულებაში ასეთი პაციენტის მკურნალობა არაა მიზანშეწონილი", - განაცხადა მან.

გრიგოლიას თქმით, საბოლოო დასკვნაზე საბჭოს წევრები ერთად შეთანხმდებიან და ხვალისთვის წარადგენენ.


close დახურვა