ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ერთ-ერთ რეგიონულ კლინიკაში კოვიდპაციენტმა ექთანი დაჭრა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სალომე ლოლუამ ისაუბრა.
როგორც ცნობილია, შემთხვევა 21 დეკემბერს მოხდა. კერძო კლინიკაში კოვიდ პაციენტმა მორიგე ექთანს დანით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ყელის და სახის არეში. საქმეზე გამოძიება დაწყებულია, კაცი გადაყვანილია მე-18-ე პენიტენციურ დაწესებულებაში. ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში მედ-პერსონალზე ძალადობის ფაქტები გახშირებულია.
"ექთანი აკეთებდა შემოვლას. შეამჩნია, რომ პაციენტი სწუხდა. მივიდა მასთან, მიაწოდა ჟანგბადის ნიღაბი და უნდოდა განესაზღვრა სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია. დაიხარა სატურაციის აპარატის ასაღებად, ამ დროს პაციენტმა დაიჭირა ექთანი კისრით და ყელის მიმართულებით რამდენიმე დარტყმა განახორციელა ბასრი იარაღით", - ამბობს ლოლუა.
როგორც ის განმარტავს, ექთანს ორი ჭრილობა აქვს: აქედან ერთი ლოყის არეში, სადაც შვიდი ნაკერის დადება დასჭირდა, მეორე კი ყელის არეში. ქალის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.