logo
ENG



"მოვუწოდებთ პარლამენტს, არ მიიღოს კანონი" - ექიმებისა და მეცნიერების მიმართვა

07 მაი 202414:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/07/xed9ajuwykylkfh.jpg

მედიცინის მუშაკები და მეცნიერები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არ მიიღოს რუსული კანონი. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონი ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს. განცხადებას ამ ეტაპზე, 101 ხელმოწერა აქვს.

"ჩვენ, საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მყოფი, ქართველი მეცნიერები და მედიცინის მუშაკები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საქართველოს პარლამენტის მიერუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის დამტკიცებას. კრემლის მიერ შთაგონებული ეს რუსული კანონი ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ საფუძვლებს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს და უმთავრეს ღირებულებას - თავისუფლებას

საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფით. სოლიდარობას ვუცხადებთ ქუჩაში გამოსულ, ასი ათასობით ადამიანს, განსაკუთრებით - ახალგაზრდებს. მათ,  ვინც დღეს ხმამაღლა და დაუღალავად აპროტესტებს ქვეყნისათვის დამღუპველ რუსულ კანონს,  რისთვისაც,  ფიზიკურად უსწორდება სახელმწიფო მანქანა -  ცრემლსადენი და მხუთავი აირით წამლავს საკუთარ მომავალს. ამის მიუხედავად, ხალხი მყარად დგას, თავდაუზოგავად იცავს საკუთარ ქვეყანას და მის მომავალს!", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ კანონი ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და გამოხატვის თავისუფლებას, ამასთან, ანგრევს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ პრინციპებს. 

"ჩვენ, მეცნიერებს და მედიკოსებს, კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა და მხარდაჭერა პროგრესის, ინოვაციებისა და კეთილღეობისათვის. აღნიშნული კანონი არის ფუნდამენტურად რეგრესული და ის შეაჩერებს უკლებლივ ყველა სფეროს განვითარებას, მათ შორის მედიცინისა და მეცნიერების. რუსული კანონი შეგვიზღუდავს საშუალებას ვითანამშრომლოთ ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, მოვიძიოთ დაფინანსება და რესურსები მნიშვნელოვანი პროექტებისათვის. ხელს შეგვიშლის, უზრუნველვყოთ ჩვენი პაციენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა, ჩვენი სტუდენტების  მეცნიერების და ტექნოლოგიების უახლეს მიღწევებში  დროული ჩართვა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, ყური უგდოს ხალხის ხმას, სტრატეგიული პარტნიორების რჩევას და არ მიიღოს ქვეყნის ინტერესების შეუქცევადად დამაზიანებელი კანონი", - ვკითხულობთ განცხადებაში.

17 აპრილს, ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

29 აპრილს კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.


close დახურვა