logo
ENG



ექიმი: 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვების გარეშე, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება

31 დეკ 202110:14
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი, ექიმი გიორგი გრიგოლია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვების გარეშე. 

"ის არ იყო სრულად რეაბილიტირებული. გადაიყვანეს ისეთ დაწესებულებაში, რომლის წინააღმდეგი ექიმებიც იყვნენ და პირადადაც იყო. ჩვენ არ ვიცით, რას იზამს მიხეილ სააკაშვილი. თუ მან, ღმერთმა დაიფაროს და დაიწყო შიმშილობა, მედიკამენტების მიღებაზე უარის თქმა, ეს ძალიან მძიმედ აისახება მის ჯანმრთელობაზე. 

თუ ჩვენ ვიცით რომ იქ არ არის 24-საათიანი სამედიცინო დაკვირვება, რა თქმა უნდა, სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება", - განაცხადა ექიმმა გიორგი გრიგოლიამ. 

29 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.

27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ​

 


close დახურვა