logo
ENG



ექიმი: სააკაშვილს სჭირდება ინტენსიური თერაპია, რაც ვერ ჩატარდება გლდანის საავადმყოფოში

18 ნოე 202100:24
3 წუთის საკითხავი
 
ექიმი: სააკაშვილს სჭირდება ინტენსიური თერაპია, რაც ვერ ჩატარდება გლდანის საავადმყოფოში

ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმის, გიორგი გრიგოლიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია, ვინაიდან ის უკვე 48-ე დღეა, შიმშილობს. 

"მას აქვს ენცეპალოპათიის ნიშნები, აქვს რეზისტენტული ჰიპოკალიემია, ანუ კალიუმის ნაკლებობა, აქვს დაბალი ჰემოგლობინი, რაც თალასემიასთან კომბინაციაში ქმნის საფრთხეს. ასევე, თავად აღნიშნავს გასტროიდიოდენალურ სისხლდენას. ყველაფერი ეს ჯდება კრიტიკული მდგომარეობის სტატუსში". - თქვა გიორგი გრიგოლიამ. 

მისი განცხადებით, გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფო "ცუდად აღჭურვილი არ არის", თუმცა, ის მაინც არ არის მზად იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის მსგავს პაციენტს უმკურნალოს. 

ექიმის თქმით, გლდანის ციხის კლინიკაში 2 კვირის წინ, მიხეილ სააკაშვილის პალატის გვერდით გახსნეს რეანიმაციული განყოფილება, ასევე გადმოყვანილია მორიგე ბრიგადა, მორიგეობს ზოგადი პროფილის ერთი ექიმი, თუმცა, სააკაშვილს სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. 

"სულ გადმოყვანილია 5  ექიმი - 1 დღის და 4 ღამის. მიხეილ სააკაშვილი ჯერ არ არის სარეანიმაციო პაციენტი და იმედია, არც იქნება. მაგრამ ის არის პაციენტი, რადგან მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა. ვინაიდან ის არ წყვეტს შიმშილს, მისი მდგომარეობა ყოველდღიურად გართულდება. ინტენსიური თერაპია გულისხმობს სითხეების მიღებას, ვიტამინების და მინერალების მიღებას, გადასხმებს, ვინაიდან ის არ აპირებს შიმშილის შეწყვეტას. ეს ყველაფერი არ კეთდება გლდანის მე-18 საავადმყოფოში. მე არ ვიცი, იქ რა ტაქტიკაა, მაგრამ სააკაშვილი არის თავის ოთახში და გვერდით ოთახში არის გამზადებული რეანიმაციული ბრიგადა".- ამბობს გიორგი გრიგოლია. 

მისი განმარტებით, შიმშილის შედეგად ზიანდება არა მხოლოდ რომელიმე ერთი ორგანო, არამედ ორგანოთა სისტემები და როცა ორგანიზმის რესურსი იწურება, ერთბაშად იწყება სასიცოცხლო ფუნქციების მოშლა, ამიტომ ამ სტადიაში ადამიანის მკურნალობა არის მძიმე და "ბევრ შემთხვევაში შესაძლოა ეს ლეტალურად დასრულდეს".  

"ინტენსიურ თერაპიას ვერ აწარმოებს მარტო რეანიმატოლოგი ან ანესთეზიოლოგი ან თერაპევტი. ასეთ დროს საჭიროა მულტი პროფილის სპეციალისტები: შინაგან სნეულებათა სპეციალისტები, ნეფროლოგები, ენდოკრინოლოგები, გასტროენტეროლოგები. ამ კლინიკას ასეთი ექიმები არ ყავს. შეიძლება მათი გამოძახება, მაგრამ 24 საათის განმავლობაში ისინი ადგილზე არ არიან". - ამბობს ექიმი. 

გრიგოლიას განცხადებით, კიდევ ერთი საყურადღებო გარემოება გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოს ექიმებთან საუბრის შემდეგ გამოიკვეთა - კონსილიუმის წევრებმა მათ ჰკითხეს, რას გააკეთებენ, თუ სააკაშვილის მდგომარეობა გართულდება და მას ექნება, ვთქვათ, მიოკარდიუმის ინფრაქტი, ემბოლია ან ინსულტი. 

"გვითხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში პაციენტი იქნება ტრანსპორტირებული შესაბამის დაწესებულებაში. თუ ასეთი სერიოზული მდგომარეობის დროს შესაძლებელია ადამიანის ტრანსპორტირება მულტიპროფილურ დაწესებულებაში, რატომ არ შეიძლება, ის გადავიდეს ახლა, როცა არის კრიტიკულ მდგომარეობაში და სჭირდება მულტიპროფილური ინტენსიური თერაპია. 

[კონსილიუმის წევრები] დავეთანხმეთ ერთმანეთს - ძალიან სახიფათოა ამ პაციენტის ამ დაწესებულებაში მკურნალობის გაგრძელება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მიხეილ სააკაშვილი თავად გრძნობს დისკომფორტს ამ დაწესებულებაში, გაცილებით უკეთ იყო პირველ დაწესებულებაში - ესეც არ უწყობს ხელს ადეკვატურ მკურნალობას". - თქვა გიორგი გრიგოლიამ. 

კონსილიუმის კიდევ ერთი წევრი ექიმის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის თქმით, უმჯობესია, საქმე არ მივიდეს რეანიმაციული ჩარევის აუცილებლობაზე, "ვინაიდან ამას არ აქვს ისეთი კარგი შედეგი, როგორიც წარმოუდგენიათ". 


close დახურვა