logo
ENG



ექიმი კახა ბუცხრიკიძე: ვაპირებ შიმშილობას, იქნებ ასე მაინც გამოვხატო ჩემი პროტესტი

16 ნოე 202102:06
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/16/6qjyt2fr8f8sipf.png

ქართულ-ჰოლანდიური კლინიკის ექიმი, ანესთეზიოლოგი კახა ბუცხრიკიძე ამბობს, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს. ამაზე ბუცხრიკიძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

"ვაპირებ შიმშილობას, რომ იქნებ ასე მაინც გამოვხატო ჩემი პროტესტი იმიტომ, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები რომ შემეკითხებიან რამდენიმე წლის მერე, ასეთ დღეში რატომ ვართ, ვეტყვი, რომ მე ყველაფერი ვქენი, რაც შემეძლო", - თქვა მან. 

როგორც ის აღნიშნავს, პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნებით რუსეთი გაახარა.

"მე არ მაქვს ლაპარაკი, ვინ რა დააშავა, ეს შემდეგი თემაა, მაგრამ პატიმარი, რომელიც შიმშილობს, ასე დასცინიან.. ეს კადრები რომ არ მენახა, კიდევ არაუშავს. მთელი რუსეთი ხომ გაახარეს. მეტი მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია... მე შემიძლია ავადმყოფს ვუმკურნალო და ვიშიმშილო. ამიტომ, გადავწყვიტე შიმშილობა", - ამბობს ექიმი. 

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, 14 ნოემბერს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა და პაატა ბურჭულაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს. 


close დახურვა