logo
ENG



ექიმი კობი სააკაშვილზე: თუ ოპერაციები დროულად არ ჩაუტარდება, მოძრაობას ვერ შეძლებს

17 იან 202313:02
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კისერზე და მარცხენა სახსარზე ქირურგიული ოპერაციები სჭირდება.

სასამართლო პროცესზე, სადაც მისი გამოკითხვა მიმდინარეობს, ექიმმა ჩამოთვალა სააკაშვილის დიაგნოზები და აღნიშნა, რომ თუ ოპერაციები დროულად არ ჩატარდება, ყოფილი პრეზიდენტი მოძრაობას ვერ შეძლებს.

"მას აქვს მარცხენა მხრის სახსრის ართრიტი, მარცხენა მენჯბარძაყის სახსრის ართრიტი, მალებს შორის დისკი გახეულია ანუ აქვს რუპტურა. ასევე აქვს რადიკულოპათია და სპინალური სტენოზი, რის საფუძველზეც ხდება კომპრესია ანუ ზეწოლა ზურგის ტვინის ნერვებზე... მას აქვს სერიოზული პრობლემა და ვფიქრობ, რომ კისრის პრობლემა და მარცხენა მხრის სახსრის პრობლემა არის ყველაზე სერიოზული და მტკივნეული. სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერზე, ასევე ოპერაცია მის მარცხენა მხრის სახსარზე და სავარაუდოდ, სჭირდება ქირურგიული ოპერაცია, მარცხენა მენჯბარძაყის სახსარზე. [...] თუ ეს ოპერაციები დროულად არ ჩატარდება, ყოველდღიურად, რამდენადაც მას მოძრაობა აქვს მკვეთრად გართულებული, კიდევ უფრო და უფრო გართულდება და ის მოძრაობას ვერ შეძლებს"- განაცხადა კობიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ექსპრეზიდენტის სურვილის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების საშუალება ექიმებმა არ მისცეს.

დღევანდელ პროცესზე ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც დაიკითხება. 


close დახურვა