logo
ENG



ექიმი კობი სააკაშვილზე: სახსრებში აქვს ართრიტი, შესაძლოა, ტოქსიკური ზემოქმედების შედეგია

17 იან 202312:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/17/s8iaj0hcn4rkm4l.jpg

ამერიკელი ექიმი ჯეიმს კობი ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ოქტომბერს გასინჯა. მისივე თქმით, ნოემბერში მიხეილ სააკაშვილს გაუკეთდა MRI, რის შედეგადაც დაადგინა, რომ მას აქვს ართრიტი მენჯბარძაყის სახსრებში.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ამერიკელ ექიმს ჯეიმს კობის კითხავენ.

კობის თქმით, 8 ოქტომბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გასინჯა, სააკაშვილს ჰქონდა კისრის კუნთების გამაგრება და მხრის სახსარში ტკივილი. ის ამბობს, რომ სააკაშვილს პრაქტიკულად არ შეეძლო მარცხენა ხელის გამოყენება და შესუსტებული იყო მარცხენა ფეხის მოძრაობა.

კობის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მენჯბარძაყის ორივე სახსარში აღმოჩენილი ართრიტი, შესაძლოა იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი.

"მე გავსინჯე პაციენტი 8 ოქტომბერს, შუადღის 1-ელ საათზე და შემდგომ შუადღეს. იყო ძლიერი ტკივილი, რის გამოც მას არ ჰქონდა საშუალება თავი მარცხნივ გადაეხარა. ასევე იყო ძლიერი ტკივილი მარცხენა მხრის მიდამოში. მას არ შეეძლო მარცხენა მხრის სახსარში მოძრაობის განხორციელება, მხოლოდ ლიმიტირებულ ფარგლებში და ეს ორი რაღაც, კისრის კუნთების გამაგრება და მეორეს მხრივ, მხრის სახსარში არსებული ტკივილი - ეს ორი რაღაც ერთმანეთს ამძიმებდა. მისი მარცხენა მხარი და მარცხენა მაჯის მიდამო იყო ძალიან სუსტი.

როდესაც შევისწავლე მენჯ-ბარძაყის სახსრები, მარცხენა სახსარში მოძრაობა გაცილებით იყო შემცირებული, ვიდრე მარჯვენაში. ასევე ვთხოვე, წამომდგარიყო ფეხზე რათა შემესწავლა მისი ზურგის მიდამო, ის ეყრდნობოდა ყავარჯენს თავისი მარჯვენა ხელით და მარცხენა ხელის გამოყენება პრაქტიკულად არ შეეძლო, რომ დაჰყრდნობოდა და ასევე, მარცხენა ფეხის მოძრაობა იყო შესუსტებული და ტკივილი ახლდა ამას. შუადღის შემდეგ, მე კიდევ ვინახულე ის, რათა დავრწმუნებულიყავი, მეორეჯერ გადამემოწმებინა, რომ ყველაფერი ის, რაც მე აღმოვაჩინე, ნამდვილად იყო სწორი.

მას შემდეგ, რენტგენის სურათები იყო გადაღებული, რამდენადაც რენტგენის სურათზე მარტო ერთი პოზიცია იყო დაფიქსირებული, გამიძნელდა უკანა დისლოკაციის დიაგნოსტირება მხრის სახსარში. ნოემბერში მას გაუკეთდა MRI მარცხენა ქვედა სახსარზე, კვლევის შედეგად დავადგინე, რომ იყო ართრიტი და ასევე აღმოვაჩინე ღრმა ღარი მხრის ძვლის თავზე, რაც სავსებით შეესაბამებოდა დისლოკაციის დასკვნას. ასევე, მე ვნახე მისი მენჯბარძაყის სახსრის რენტგენის სურათი, ასევე MRI-ის კვლევის შედეგები და ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ართრიტი არის მენჯბარძაყის ორივე სახსარში.

ის ერთ-ერთ დაწესებულებაში ისე გადაჰყავდათ, ისეთ უცნაურ პოზიციაში, რომ მაშინ დააზიანეს მისი კისერი. მას ასევე ჰქონდა რამდენიმე, მრავლობითი გულყრები. მე ვფიქრობ, რომ მენჯბარძაყის ორივე სახსარში და მხრის სახსარში აღმოჩენილი ართრიტი, შეიძლება იყოს შედეგი ტოქსიკური ზემოქმედების. ვერცხლისწყალი არის ერთ-ერთი ის ელემენტი, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს ხოლმე სახსრების დაზიანებას. ასევე არის ართრიტი იქნა ნაპოვნი ხერხემლის სვეტის მიდამოში, თუმცა მე მას არ ვუკავშირებ, უფრო დეგენერაციული ხასიათისაა", - თქვა კობიმ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს. ექსპრეზიდენტის სურვილის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს პროცესზე დასწრების საშუალება ექიმებმა არ მისცეს.

დღევანდელ პროცესზე ცენტრ ემპათიას ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც დაიკითხება. 

* * *

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ - 12 დეკემბერს სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კი, ევროპარლამენტარებმა მირიამ ლექსმანმა და ანა ფოტიგამ კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქართულ ოცნებას, გათავისუფლდეს სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.

გარდა ამისა, 24 დეკემბერს შაბათის ფორმულამ მოიპოვა სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ერთ-ერთ პირველ გვერდზე მითითებულია იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. მათ შორის არის ისეთი მედიკამენტებიც, რომლებსაც დეივიდ სმიტი საშიშ მედიკამენტებს უწოდებს და მიუთითებს, რომ პრეპარატები ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ დამტკიცებული არ არის. სააკაშვილისთვის დანიშნული 14 მედიკამენტიდან, ასეთი ჩამონათვალში 2 წამალია. საერთაშორისო სტანდარტით აკრძალულ მედიკამენტებზე ექსპერტი დასკვნაში წერს, რომ პრეპარატები შესაძლებელია "ბოროტად" იყოს გამოყენებული, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა.

რაც შეეხება ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნას, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მე-4 ხარისხის კახექსიით არის შეფასებული და ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.

14 დეკემბერს ევროპარლამენტის მიღებულ რეზოლუციაში, მათ შორის, საუბარია მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების და სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხზე. ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა მიხეილ სააკაშვილის საკითხის მოსაგვარებლად.


close დახურვა