ექიმი ელენე გიორგაძე გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატები შევლენ და ამაზე მათაც, ექიმებსაც აცნობეს. მან არ დააკონკრეტა, საიდან აქვს ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრებს ჰოსპიტალში შეუშვებენ.
ექიმი ამით გამოეხმაურა სააკაშვილის მოთხოვნას, რომ თუკი დეპუტატებს არ შეუშვებენ მასთან, მკურნალობას შეწყვეტს.
"დღეს ჩემი პაციენტი დამხვდა გაბრაზებული და აფორიაქებული. პაციენტს, რომელსაც ანერვიულებენ, არ ვიცი, ტელევიზორით, თუ იქ, ეს ჩემი პრობლემა არაა, რა თქმა უნდა, მე, როგორც ექიმი, ამაზე ვბრაზდები. [...]
[დეპუტატი] შედის უკვე, ესეც მოვაგვარეთ, ექიმებს შეგვატყობინეს, რომ შედის. ნახავთ, დღეს დღის ბოლომდე შევა იმიტომ, რომ ამასაც ვაკონტროლებ. თუ მართლა ამ ადამიანზე ზრუნავთ და ზრუნავთ მის სიცოცხლეზე, შეეცადეთ და ორი კვირა მოგვეცით ექიმებს, რომ გამოვიყვანოთ ბოლომდე ამ მდგომარეობიდან", - აცხადებს ექიმი.
მიხეილ სააკაშვილი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა. ის გლდანის ციხის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას 19 ნოემბერს დათანხმდა. ამჟამად სააკაშვილი რეაბილიტაციის კურსს გადის.