logo
ENG



ექიმის თქმით, შადრევანში დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია

15 ოქტ 202211:50
3 წუთის საკითხავი
 

13 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ვაკის პარკში დენმა დაარტყა, სტაბილურია. ნიუ ჰოსპიტალსის ექიმის, მარინა ფირცხალავას თქმით, ბიჭი კონტაქტურია, მაგრამ მონიოტორინგს კვლავ საჭიროებს.

"ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. სპონტანურ სუნთქვაზეა, სუნთქავს თავისით, დახმარების გარეშე. ჰემოდინამიკურადაც სტაბილურია, მაგრამ მონიტორინგს ჯერ კვლავ საჭიროებს. თუმცა, აქტიურია, კონტაქტში შემოდის, შეკითხვებს პასუხობს, მაგრამ გრძელდება მონიტორინგი. მე ვფიქრობ, რომ ლაზარეს მდგომარეობა იქნება კარგი და სავარაუდოდ, მალე გაეწერება. ლაზარეს საზღვარგარეთ გადაყვანას ამ ეტაპზე, ამ მონაცემებით არ საჭიროებს," - თქვა ექიმმა.

გუშინ, ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. 

გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც შადრევანში დენმა დაარტყა. ინფორმაცია ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმმა დაადასტურა.

რაც შეეხება მეორე ბავშვს, ის იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი და როგორც ცნობილია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მერიის განცხადებით, 12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს. 

გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.


close დახურვა