logo
ENG



ექსპერტები აშშ-ის სანქციებზე საუბრობენ - სენატორის წერილს საქართველოში ეხმიანებიან

26 იან 202019:52
3 წუთის საკითხავი
 

წერილიდან, რომელსაც გახარიას ადმინისტრაცია თვეზე მეტ ხანს მალავდა, ირკვევა, რომ აშშ-ს მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ დეკემბერში ნდობის დაკარგვის შესახებ აფრთხილებდა. კონგრესმენების წერილების მთელ სერიამდე, სენატორმა როჯერ ვიკერმა 19 დეკემბერს გახარიას მისწერა და პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მიცემული დაპირების შეუსრულებლობის გამო გააკრიტიკა. რესპუბლიკელი სენატორი ამბობს, რომ იმედგაცრუებულია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერებაზე უარი თქვა. 

წერილიდან ირკვევა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განხილვითა და ყოფილი პრემიერის მიერ დაანონსებული დაკავებების გამო. სენატორი როჯერ ვიკერის წერილში პირველად არის ნახსენები ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ვიკერი გახარიას სწერს, რომ აშშ-სთვის შემაშფოთებელია ის, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს ციხეში დროის გატარებით ემუქრება და ამის პარალელურად, სასამართლო განხილვები ნიკა მელიასა და გიგა ბოკერიას წინააღმდეგ ახლდება. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველოს მიმართ ნდობა იმდენად არის დაზიანებული, რომ მის რეაბილიტაციას ივანიშვილის ხელისუფლება ვეღარ მოახერხებს. ნდობის კრიზისი კი ჩაგდებულმა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტმა შექმნა. უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ამ სიტუაციის შეცვლა მხოლოდ საარჩევნო სისტემის სწრაფ ცვლილებას და პროპორციულ წესზე გადასვლას შეუძლია. 
 
ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლების მხრიდან კრიტიკული წერილების შემდეგ, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს ელოდებიან არასაპარლამენტო ოპოზიციაში. მათი განცხადებით, ამ ხარისხის კრიტიკა „ქართული ოცნების“ წინამორბედ ხელისუფლებებს ამერიკიდან არასოდეს მიუღია.

ეკონომიკურ სანქციებს პროგნოზირებენ ექსპერტები. მათი განცხადებით, დასავლეთი საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დასაცავად ყველა ბერკეტს გამოიყენებს. ექსპერტები ამერიკელი პოლიტიკოსებისგან მწვავე წერილებს მომავალშიც ელოდებიან. 

მმართველ გუნდში კვლავ ამბობენ, რომ სენატორი არაინფორმირებულია და წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. უახლოეს მომავალში ვაშინგტონში ოფიციალური დელეგაცია გაემგზავრება. 

ამერიკელი 69 წლის რესპუბლიკელი სენატორის წერილში საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა შერჩევა-დანიშვნის პროცესს, კრიტიკული მედიის მიმართ დაწყებული შეტევისა და აქციების დარბევის გამოც აკრიტიკებს.

როჯერ ვიკერი აშშ-ს ჰელსკინკის კომიტეტის წევრია. საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები მას რამდენჯერმე აქვს გაკეთებული - 2019 წლის აპრილში თქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ვიკერი რუსეთს მუდმივად მოუწოდებს გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მიერ დამალული წერილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა. 


close დახურვა